საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს საქმიანობა მიმართული იქნება, რომ საპენსიო ფონდის დამზოგველთა ინტერესები მაქსიმალურად დაცული იყოს - ამის შესახებ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს ახლად არჩეული წევრი, გია მორჩილაძე აცხადებს.
გია მორჩილაძე, რომელიც ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის, Foresight Investment Group-ის დირექტორია, ამბობს, რომ საბჭო დამოუკიდებელი იქნება და ყველა საინვესტიციო გადაწყვეტილება მხოლოდ მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ იქნება მიღებული.
„ჩემი და ახლად არჩეული საბჭოს ყველა წევრის საქმიანობა მიმართული იქნება საპენსიო ფონდის წარმატებული შრომის და ფუნქციონირების გაგრძელებისთვის და იმისთვის, რომ საპენსიო ფონდის დამზოგველთა ინტერესები მაქსიმალურად დაცული იყოს. საბჭოს ახლად არჩეული წევრები ზოგი საქართველოში, ზოგი უცხოეთში ვმუშაობთ კაპიტალის ბაზრის მიმართულებით, ჩვენ საინვესტიციო საქმიანობაში პროფესიონალები ვართ და ძალიან კარგად გვესმის არამარტო ეს საქმიანობა, არამედ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენი საპენსიო ფონდის დამზოგველების წინაშე გვაქვს. რა თქმა უნდა, მმართველობითი საბჭო დამოუკიდებელი იქნება და ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ საპენსიო ფონდის წარმატებული ფუნქციონირებისთვის და ფონდის მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ იქნება.
საპენსიოს ფონდის შექმნა და ეს რეფორმა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. აქ უკვე 6 მლრდ ლარია დაგროვილი და ფონდი წარმატებით ფუნქციონირებს. ეს სასახელო პროექტია, რომელიც უნდა გაგრძელდეს და წარმატებით იფუნქციონიროს ჩვენ ქვეყნის და მისი დამზოგველების სასარგებლოდ“, - განაცხადა გია მორჩილაძემ.
მორჩილაძის თქმითვე, საბჭოში მისი არჩევით ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება, რადგან კანონის თანახმად, მმართველობითი საბჭოს წევრებთან დაკავშირებულ კომპანიებს საპენსიო დანაზოგებთან შეხება ვერ ექნებათ.
„არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არაა, კანონი დაცული იქნება. ის პირები, ვინც მმართველობით საბჭოში მონაწილეობენ, მათთან დაკავშირებული კომპანიები ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებენ, რომ ინვესტიცია ან მომსახურება მოხდეს საპენსიო რესურსების. ეს კანონით აკრძალულია“, - აღნიშნა გია მორჩილაძემ.
ცნობისთვის, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო 9 წევრით უკვე დაკომპლექტდა. შესარჩევი კონკურსის შედეგად 8 კანდიდატი შეირჩა, მათ შორის სამი უცხოელი და 5 ქართველია, მეცხრე თანამდებობრივი წევრი კი ეკონომიკის სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გურგენიძეა.