საქართველოს საპენსიო სააგენტო აგვისტოს საინვესტიციო შედეგებს აქვეყნებს - ფონდის მთლიანი აქტივების მოცულობამ 5.5 მილიარდ ლარს მიაღწია, შესაბამისად, აგვისტოს განმავლობაში ფონდის აქტივები 174 მილიონი ლარით გაიზარდა. ფონდის მთლიანი ოდენობიდან 1.23 მილიარდი ლარი აქტივებზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელს წარმოადგენს.

5.5 მილიარდი ლარი წარმოადგენს საქართველოს 1,548,000 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს, რაც სისტემის ერთი მონაწილისთვის საშუალოდ 3,552 ლარის დანაზოგს ნიშნავს.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, სისტემის დაფუძნებიდან დღემდე დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 12,516-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 45.9 მლნ ლარი.

სააგენტოს ფინანსური ანგარიშის მიხედვით, გლობალური აქციების წილი ყველაზე მაღალია დინამიურ პორტფელში და ის 51.6%-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა დაბალანსებული პორტფელი 32%-ით, ბოლო ადგილზე კი კონსერვატიული პორტფელია 17.7%-ით.

თავად ამ პორტფელების და მათში აქციების მოცულობა ასე ნაწილდება:

კონსერვატიული პორტფელი - 5,446 მილიონი ლარი, აქციების მოცულობა 964 მილიონი ლარი;
დაბალანსებული პორტფელი - 30.2 მილიონი ლარი, აქციების მოცულობა 9.7 მილიონი ლარი;
დინამიკური პორტფელი - 27.9 მილიონი ლარი, აქციების მოცულობა 14.4 მილიონი ლარი.

საპენსიო სააგენტოს აქციები ინვესტირებულია მსოფლიოს წამყვან საფონდო ინდექსებში, მათ შორის ყველაზე დიდი თანხა 405 მილიონი ლარი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მთავარ ინდექსში S&P 500-ში არის ინვეესტირებული. 180 მილიონი არის დაბანდებული აზიურ FTSE Pacific ETF-ში, 175 მილიონი ლარი არის დაბანდებული FTSE Europe ETF-ში, ხოლო 112 მილიონი ლარი არის ინვესტირებული განვითარებადი ბაზრების ინდექს FTSE EM Markets ETF-ში, ასევე საპენსიო სააგენტოს 77 მილიონი ლარი ინვესტირებული აქვს სამხრეთ ამერიკის წამყვან iShares Latin America 40 ETF-ში.