საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე გია მორჩილაძე ამბობს, რომ საბჭოს პირველი ამოცანა ფონდის დებულების პროექტზე მუშაობაა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განუცხადა. მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტზე.
"როგორც იცით, პირველი მარტიდან საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო უკვე ფუნქციონირებს. პირველი ამოცანა, რასაც ჩვენ ახლა ვიხილავთ არის საპენსიო ფონდის დებულების პროექტზე მუშაობა, რომელიც პირველ მაისამდე უნდა დამტკიცდეს. რაც შეეხება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მასზე მუშაობა გაგრძელდება, შესაძლებელია წელიწადში ერთხელ, საჭიროებისამებრ, მისი გადახედვა და მას შემდეგ, რაც ახალი მმართველობითი საბჭოს საინვესტიციო კომიტეტი განიხილავს შეცვლილ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, გამოტანილი იქნება მმართველობით საბჭოზე განსახილველად და დასამტკიცებლად. პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება თუ რა ცვლილებები შევა მასში", - განაცხადა გია მორჩილაძემ.
რაც შეეხება საპენსიო დანაზოგის ინფრასტრუქტურულ პროექტებში შესაძლო ინვესტირებას, გია მორჩილაძის თქმით, ამ მიმართულებით ამჟამად განხილვა არ მიმდინარეობს.
"ამჟამად არანაირი პროექტი არ გვაქვს არც ამორჩეული, არც არაფრის განხილვა არ მიმდინარეობს",- განმარტა საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ.
მან ასევე უპასუხა კითხვას ახალი მმართველობითი საბჭოს დამოუკიდებლობაზე. გია მორჩილაძე აღნიშნავს, რომ საბჭო დამოუკიდებელია და სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით მუშაობს.
"მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ჩვენს საქმიანობაში და მთავარ ამოცანას წარმოადგენს ფონდის წარმატებული ფუნქციონირება და ის, რომ მის მუშაობაში ფონდის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესები იქნეს გათვალისწინებული", - აღნიშნა გია მორჩილაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი თებერვალში დასრულდა - შესარჩევმა კომისიამ 8 კანდიდატი გამოავლინა. შერჩეულ კანდიდატთა შორის სამი უცხოელი და 5 ქართველია.