ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ახლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს, მილიონერია. ის ასობით ათას ლარსა და დოლარს საბანკო ანგარიშების ნაცვლად ნაღდი ფულის სახით ინახავს. საუბარია ჯამში მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.
11 აგვისტოს მონაცემებით, მას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა:
- 250 000 ლარი;
- 290 000 ამერიკული დოლარი (7 სექტემბრის კურსით 780 970 ლარი) .
დოკუმენტში მითითებული არ არის, სად ინახავს მაღალჩინოსანი ამ ოდენობის ნაღდ ფულს.
გიორგი გაბიტაშვილის 2025 წლის დეკლარაცია
დეკლარაციაში, რომელიც ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა 11 აგვისტოს შეავსო, არაფერი წერია მისი საბანკო ანგარიშების შესახებ.
გასულ, 2024 წელს მისი ხელფასი პროკურატურაში 119 101 ლარი იყო. თუკი, მას საბანკო ანგარიშები აღარ აქვს, გამოდის, რომ აუდიტის სამსახურში ხელფასის აღება ნაღდი ფულის სახით მოუწევს.
ბანკში, თუნდაც ნულოვანი ანგარიშის მითითებას, საჯარო მოხელეს კანონი ავალდებულებს. დოკუმენტის მეექვსე გვერდზე მხოლოდ ცოლისა და დედის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.
გიორგი გაბიტაშვილის 2025 წლის დეკლარაცია
გასული, 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გაბიტაშვილს საბანკო ანგარიშები ჰქონდა საქართველოს ორ ყველაზე დიდ ბანკში, „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკში“. ორივე ბანკს გაცხადებული აქვს, რომ ისინი ჩართულები არიან სანქციების აღსრულებაში.
გიორგი გაბიტაშვილის 2024 წლის დეკლარაცია
სანქცირებული მაღალჩინოსანი დეკლარაციას 2013 წლიდან ავსებს. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მას ბანკში თანხის შენახვას „ნაღდი ფულად“ ქონა ერჩია. მაგალითად, გასული, 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, მას ჰქონდა:
საბანკო ანგარიშებზე:
- 56 330 ლარი;
- 175 000 ამერიკული დოლარი.
ნაღდი ფულის სახით კი:
- 250 000 ლარი;
- 115 000 დოლარი.
გიორგი გაბიტაშვილის 2024 წლის დეკლარაცია
თუ ამ ორი დეკლარაციას შევადარეთ, ჩანს, რომ სწორედ „თიბისის“ ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობით გაიზარდა მისი ნაღდი ფულის მოცულობა სანქცირების შემდეგ.
გიორგი გაბიტაშვილი პროკურატურაში თითქმის 20 წელი მუშაობდა, აქედან ბოლო ერთი წელი იყო გენერალური პროკურორი, მანამდე 11 წელი კი მოადგილე. მას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ მაღალჩინოსანს ფინანსური და სავიზო სანქცია დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს დაუწესა.
საელჩომ განმარტა, რომ სანქციები დააწესა „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამამისად“, სანქცირებული პირების მიერ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“.
„გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მყოფი გიორგი გაბიტაშვილი პასუხისმგებელია, რომ ზედამხედველობდეს საპოლიციო ძალადობაზე პასუხისმგებელი სამართალდამცავი ჩინოვნიკების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესს“, ხოლო სანქციები უწესდება „ამ პასუხისმგებლობის შეუსრულებლობის გამო“.
ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა გენპროკურორს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მსგავსი სანქციები ითვალისწინებს „ამ პირებისა და მათ საკუთრებაში ან მათ კონტროლქვეშ არსებული კომპანიების აქტივების დაყადაღებას“, ყადაღა კი შეეხება „მათ [საბანკო] ანგარიშებს, სხვა საშუალებებსა და ეკონომიკურ რესურსებს“.