„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებამ პირველი ეროვნული ვალუტა „ზარინი“ გამოუშვა. ბანკნოტზე, რომელზეც კოსტა ხეთაგუროვია გამოსახული, ნიდერლანდებში გამართულ უმსხვილეს ბონისტიკურ გამოფენაზე წარადგინეს - ამის შესახებ ინფორმაცია ТАСС დე ფაქტო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელ სოსლან ბეკოევზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობდნენ სპეციალისტები და კოლექციონერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„სამი ათასი ბანკნოტი თითქმის მაშინვე შეისყიდეს უცხოელმა დილერებმა - ირანიდან, აშშ-დან, კანადიდან, ბრაზილიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან,“ - განაცხადა ბეკოევმა საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში.
მისივე თქმით, საკოლექციო ბანკნოტების გამოშვებას დიდი მნიშვნელობა აქვს „სამხრეთ ოსეთის“ ცნობადობის გაზრდისთვის მსოფლიოში.
მანამდე „ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „რესპუბლიკის“ ბანკნოტი ასევე იქნება წარმოდგენილი ბონისტიკურ გამოფენებზე დუბაიში, შანხაიში, სინგაპურში და ჰონგ კონგში.
100 „ზარინის“ ნომინალის კუპიურაზე მუშაობა 2024 წლიდან მიმდინარეობდა. 2025 წლის იანვარში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ეროვნულმა ბანკმა რუსეთის „გოზნაკში“ თანამედროვე დამცავი ტექნოლოგიების გამოყენებით 20 ათასი ბანკნოტი გამოუშვა.