2013 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ატარებს საკრედიტო პირობების კვლევას ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. ამ კვლევაში არის კითხვები ფიზიკური და იურიდიული პირების დაკრედიტების პირობებზე და ასევე სესხებზე მოთხოვნის შესახებ. ყოველი კვარტალის ბოლოს დგება შესაბამისი ანგარიშგება, რომელიც ასევე ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებსაც მოიცავს.
2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემების მიხედვით მოთხოვნა მცირედით გაზრდილია, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების დაკრედიტებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მცირედით გამკაცრებულია დაკრედიტების როგორც საპროცენტო, ასევე არასაპროცენტო პირობები, ძირითადად უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე; უცხოურ ვალუტაში სასესხო პირობების გამკაცრება გარკვეულწილად აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკის (აშშ რეგულატორი) და ევროპის ცენტრალური ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკითაც აიხსნება. პირობების გამკაცრებაში ძირითადად მოიაზრება საკრედიტო ხაზის ლიმიტისა და სესხის ვადიანობის მცირედით შემცირება. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ლარში საპროცენტო განაკვეთები არ შეცვლილა, ხოლო დოლარსა და ევროში გაცემულ სესხებზე დაახლოებით 0.7%-ით შემცირდა.
2023 წლის პირველ კვარტალში წინა პერიოდთან შედარებით ბიზნეს სესხები 19%-ით გაიზარდა, ხოლო უმოქმედო სესხების წილმა კი დაახლოებით 4% შეადგინა. ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპმა დაახლოებით 16.9% შეადგინა, რაც ძირითადად ლარში დაკრედიტებით არის გამოწვეული. იპოთეკურ სესხებზე დოლარსა და ევროში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 0.7 პუნქტით გაიზარდა და დოლარში 7.8%, ხოლო ევროში 6% შეადგინა, ლარში ანალოგიური მაჩვენებელი იპოთეკურ სესხებზე დაახლოებით 12.8%-ია, ხოლო სამომხმარებლო სესხებზე კი 18.9%; არ არის დიდი ცვლილება უმოქმედო სესხებთან მიმართებით ინდივიდუალურ სესხებზე - იპოთეკურ ნაწილში 3% და სამომხმარებლო სესხებზე კი 5%.