„სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ სფეროში 8 მლრდ ლარი ჩადო, მაგრამ მაინც 97%-ით მეზობელ ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა პრაქტიკულად არ გაგვაჩნია“, - ამის შესახებ „მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მანანა ანჯაფარიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ გრანტების სახით გაცემული თანხები აბსოლუტურად კონტროლის მიღმაა დარჩენილი, რის გამოც სოფლის მეურნეობაში ქვეყანა ერთ ადგილას ტრიალებს.
„სახელმწიფო გრანტს რომ გასცემს, შემდეგ იმ თანხის მიმართულებაზეც უნდა მოითხოვოს პასუხი - რაში იხარჯება, რა შედეგი მოაქვს, რამდენად ეფექტიანია გაღებული რესურსი და ა.შ. ამდენი წელია გვესმის ერთი და იგივე სიტყვა - „ვმუშაობთ“, თუმცა, ფაქტი ისაა, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ და წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავედით. სახელმწიფო გრანტებს აქეთ-იქით ისვრის, ყოველგვარი კონცეფციის გარეშე.
საკუთარ მაგალითზე გეტყვით, გაკოტრებისა და მთლიანი ბაღის ბანკისთვის გადაცემის წინაშე ვიყავით. შემოვიტანეთ ნერგები იტალიიდან და ჩამოვიყვანეთ პრაქტიკოსი აგრონომი, რომელიც ყველაფრის დაგეგმვაში დაგვეხმარა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გადავრჩით. სხვებმა რა უნდა ქნან?! ყველა უცხოეთიდან ხომ ვერ ჩამოიყვანს კადრს, ქვეყანაში ერთი პროფესიონალი ხომ მაინც უნდა იყოს?!
სხვა პრობლემას აწყდები რეალიზაციისას, ვთქვათ გადარჩი, მოიყვანე პროდუქტი და გაყიდვის ეტაპამდე მიხვედი. 3 წლის განმავლობაში ვერც ერთ ქსელურ მარკეტში შევედი, დამჭირდა სამინისტროებში სიარული, წერილების წერა და კიდევ ათასგვარი პროცედურა, რომ ჩემი ბიო პროდუქტი გასაყიდად დახლზე დამედო. სად არის სახელმწიფო, სად არის ადგილობრივი მწარმოებლის დაცვის პროგრამა, მარტო თანხის გასროლა და პროექტის ფურცელზე დაწერა ხომ არაა?!
ასე რომ, უამრავი პრობლემაა, სისტემური პრობლემები, რომელთა მოგვარებაც სათანადო მიდგომას, დროსა და გონივრულად საქმის კეთებას მოითხოვს, ჩვენთაც კი ამ დროს თურმე მხოლოდ გრანტის გაცემაა ყველაფერი და მეტის გაკეთება არაფერში გვჭირდება“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.