სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო 21 ივლისს გეგმავს საჯარო კონკურსის გამოცხადებას სახელმწიფო გრანტის გაცემის მიზნით.
30 ივნისს „ოცნების“ მთავრობამ სააგენტოს დაფინანსება 304 ათასი ლარით გაუზარდა. უშუალოდ გრანტების გასაცემად კი, 2025 წელს ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის 20 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
სააგენტო აცხადებს, რომ მთავრობის მიერ დაფინანსების გაზრდის შედეგად „გაუჩნდა შესაძლებლობა, გამოყოს ფინანსური რესურსი სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობადობისა და ინფორმირების გაზრდის მიზნით.“
ამ „მიზნის“ მისაღწევად სააგენტო სოციალური მედიის [Facebook, Instagram პლატფორმაზე] შექმნისა და მართვის მომსახურებას, ასევე ამ გვერდებზე განსათავსებელი დიზაინერული შინაარსის პროდუქტებს ტენდერის გარეშე შეისყიდის – ჯამში 24 ათას 68 ლარად.
თუმცა მომსახურების ვადა სულ 2 თვე და 10 დღე იქნება [2025 წლის 22 ივლისი – 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი].
„მომსახურების დეტალური აღწერა: სააგენტოსთან შეთანხმებული ფორმითა და შინაარსით პოსტების გამოქვეყნება საჭიროებისამებრ, თვეში არაუმეტეს 10 პოსტი; ვიზუალური კონტენტის დამზადება, კერძოდ ფოტოები, ბანერი, ინფოგრაფიკა – თვეში არაუმეტეს 10 ვიზუალური კონტენტი [საჭიროებისამებრ]; ვიზუალური კონტენტის მოკლე ვიდეო რგოლის მონტაჟი [≤ 1 წუთი] – თვეში არაუმეტეს 5 ვიდეო რგოლი; სტატისტიკის დეტალური ანგარიშის მომზადება – ყოველთვიურად.“
„ამჟამად სააგენტოს არ გააჩნია ოფიციალური ვებგვერდი და ასევე არ ფლობს სოციალური მედიის პლატფორმას. სააგენტო საბიუჯეტო შუა წელს შეიქმნა და ამდენად მას არ გააჩნია სრული საშტატო/ორგანიზაციული მხარდაჭერა და ამჟამად იმყოფება ჩამოყალიბების ეტაპზე. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 ივნისის განკარგულებით სააგენტოს დამატებით გამოეყო თანხა – საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების უზრუნველსაყოფად.
მიმდინარე წლის 21 ივლისს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო გეგმავს სახელმწიფო გრანტის გაცემის მიზნით საჯარო კონკურსის გამოცხადებას, რაც წარმოადგენს მის ძირითად ფუნქციას. ამდენად საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროული და კვალიფიციური მიწოდება უმნიშვნელოვანესია“ – წერს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შესყიდვების სააგენტოს, რომლისგანაც გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობას ელოდება.
„ოცნების“ მთავრობამ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საშტატო ნუსხა და ხელფასები 2025 წლის მაისში დაამტკიცა. სააგენტოს თავმჯდომარის ხელფასი თვეში 10 ათას 585 ლარი იქნება; მოადგილის – 8 ათას 760 ლარი, ხოლო დეპარტამენტის უფროსის – 7 ათას 300 ლარი.
„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 30 ივნისის განკარგულებით კი, სააგენტოს დაფინანსება გაიზარდა და 510 ათას 200 ლარის ნაცვლად 814 ათას 472 ლარი გახდა.