„დღეს, ამ ფორუმის ფარგლებში, შევიკრიბეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ლარის იუბილე, არამედ, იმისთვისაც, რომ ერთად განვიხილოთ გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევები და შესაძლებლობები. დღეს აქ წარმოდგენილები ბრძანდებით ჩვენი ფართო რეგიონის და მათ შორის, შუა დერეფნის თითქმის სრული გეოგრაფიის წარმომადგენლები. ჩვენს საფინანსო სისტემებს და რეგულატორებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება პირდაპირ პასუხობს თანამედროვეობის ისეთ გამოწვევას, როგორიცაა გლობალური ფრაგმენტაცია და რეგიონალიზაცია,“ - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას.
მან კონფერენციის მონაწილე 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტ სტუმარს, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო, ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის ფრთხილ და რისკების მართვაზე ორიენტირებულ მონეტარულ პოლიტიკას და ისაუბრა გეოპოლიტიკურ და გლობალურ გამოწვევებზე რამაც რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი რისკების წინაშე დააყენა.
„იმ დროს როდესაც ტრადიციული სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები კითხვის ქვეშ დგება, ჩვენ ვსაუბრობთ თანამშრომლობის გაძლიერებაზე საბანკო, საგადახდო, ფინანსური ტექნოლოგიების, კაპიტალის ბაზრის და სხვა მრავალ სფეროში, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონალური განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ რომ კონფერენციის ფარგლებში უკიდურესად საინტერესო დისკუსია გაიმართება როგორც თანამედროვე გამოწვევების შესახებ ისე ამ გამოწვევების ახალ შესაძლებლობებად გარდაქმნის თაობაზე,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ პანელური დისკუსიების მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემები და მონეტარული პოლიტიკა, ინიციატივები საფინანსო სექტორში, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში და სხვა.
ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს