საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თქმით, საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს. ლევან სურგულაძე ,,კომერსანტთან'' საუბარში აღნიშნავს, რომ მთავრობის მეთაური ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირია, რომელსაც ნდობა არჩეულმა პარლამენტმა გამოუცხადა. საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი აღნიშნავს, რომ ეს საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს.
,,აბა ვინ უნდა დანიშნოს? ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახლავთ უმაღლესი აღმასრულებელი, ნომერ პირველი პირი ქვეყანაში. გამოცხადებული არის ვაკანსიები უკვე. იქ უამრავი ადამიანი შეიტანს განცხადებას. პრემიერ-მინისტრი სავარაუდოდ, დანიშნავს გარკვეულ კომისიას, რომელიც ამ განაცხადებს გადაარჩევს. იქნება გასაუბრებები და შესაბამისად, შეირჩევა საუკეთესო კანდიდატები. აბა ვინ უნდა დანიშნოს? საყოველთაო სახალხო არჩევნებს ხომ არ მოვაწყობთ თითოეულ თანამდებობაზე ადამიანის დასანიშნად? პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობა. მას ჰყავს პრემიერ-მინისტრი და ის არის უმაღლესი აღმასრულებელი პირი და პასუხისმგებელიც შესაბამისად. ასეთი სტანდარტი დიახ, მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც, საერთაშორისო სტანდარტია. მე არ გამიგია, რომ ასეთ თანამდებობებზე რამე სხვა მეთოდით ინიშნებოდნენ პირები. საპარლამენტო მმართველობა გვაქვს კი ბატონო. პარლამენტი გახლავთ არჩეული, რომელმაც დაამტკიცა აღმასრულებელი ხელისუფლება. ამ ხელისუფლებას ჰყავს ნომერი პირველი პირი, რომელიც არის პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად მას გამოცხადებული აქვს პარლამენტის ნდობა. ყველა თანამდებობაზე ადამიანი პარლამენტში გავიყვანოთ დასანიშნად, არ მიმაჩნია სწორად და არც დიდი განსხვავება არ იქნება ეფექტურობის ან გნებავთ სანდოობის თვალსაზრისით.''- აცხადებს ლევან სურგულაძე.
საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი მიესალმება იმ ცვლილებებს, რომელიც 2025 წლიდან სააგენტოში ამოქმედდება. ლევან სურგულაძე აცხადებს, რომ საპენსიო სააგენტოს მართვის დროს ის სწორედ ასეთი სტრუქტურის შემოღებას ითხოვდა. სამწუხაროდ, მაშინ ეროვნული ბანკი საწინააღმდეგო აზრის იყო და არსებულ უჩვეულო მმართველობით სტრუქტურას ლობირებდა.
,,პირველ რიგში მინდა აღვნიშნო შემდეგი, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, როდესაც გაუქმდა საწყისი მმართველობითი სტრუქტურა - მახინჯი, ორსაბჭოიანი სტრუქტურა. ეს ჩანაცვლდა ერთი მმართველი საბჭოთი, სადაც იქნება საინვესტიციო კომიტეტი და რისკის კომიტეტი, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად. ეს ნამდვილად შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტს. მანამდე გვქონდა სამეთვალყურეო საბჭო. გვქონდა მეორე - “საინვესტიციო საბჭო”, რომელიც ვის წინაშე იყო ანგარიშვალდებული საერთოდ გაუგებარი იყო. 2025 წლიდან იცვლება ეს. საერთოდ არ არსებობდა რისკის კონტროლის სტრუქტურა. ეს იყო ყველაზე სარისკო. მოგეხსენებათ, მე გახლდით საპენსიო სააგენტოს პირველი დირექტორი და ვითხოვდი, რომ სწორედ ასეთი სტრუქტურით შეცვლილიყო. ვითხოვდი ყველგან. პარლამენტშიც, მთავრობაშიც. ეროვნული ბანკის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ უნდა ყოფილიყო “ორსაბჭოიანი” მმართველობითი სტრუქტურა, რისკების კონტროლის გარეშე. სამწუხაროდ, დღეს საპენსიო სააგენტოს ჰყავს ორის რისკის კონტროლის ოფიცერი, აქედან ერთი, ეგრეთ წოდებული “საინვესტიციო რისკის კონტროლის ოფიცერია, რომელიც იმ სტრუქტურის დაქვემდებარებაშია, რომელიც თვითონ უნდა აკონტროლოს და მეორე არის მთავარი რისკის ოფიცერი - ეს გაუგებრობა, სწორედაც რომ ძველი მმართველობითი სტრუქტურის გადმონაშთია, რომელიც 2024 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა აღმოიფხვრას 2025 წლიდან ’’- აცხადებს ლევან სურგულაძე.
2025 წლიდან მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების ეფექტიანად ინვესტირებაზე პასუხისმგებელი საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო იქნება, რომლის წევრები კონკურსის გზით შეირჩევიან. მათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. აღნიშნული ცვლილება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ზაფხულში შევიდა. შედეგად, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა, იქმნება საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო. საქართველოს საპენსიო ფონდის ზომა უკვე 6 მლრდ ლარია.