საფინანსო სექტორი ჯანსაღია, ბანკების კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, ლიკვიდურობა და აქტივების ხარისხი მაღალია. კვლავაც საჭიროა სიფხიზლე, რომ უცხოური ვალუტის არაჰეჯირებული სესხების დიდმა წილმა, სამომხმარებლო სესხების სწრაფმა ზრდამ, ბიზნესების მიერ სავალუტო ფასიანი ქაღალდების გამოცემამ და უძრავი ქონების დეველოპერების სასესხო პროგრამებმა საფრთხე არ შექმნან, - ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის  განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებს ინარჩუნებს.

„2025 წელს რეალური მშპ-ს 7.3 პროცენტიან ზრდას ველით. ზრდის ეს ტემპი ოდნავ ჩამოუვარდება 2024-ის მაჩვენებელს, ხოლო ისტორიულ ჭრილში კვლავ მაღალია. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის და განათლების სექტორები, რომელთა ზრდა პანდემიის შემდგომ და უკრაინაში ომის დაწყების პერიოდიდან აჩქარდა. სწრაფმა ზრდამ უმუშევრობის დონე ისტორიულად დაბალ 13.3%-მდე შეამცირა, თუმცა, უმუშევრობა სტრუქტურულად მაღალი რჩება“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, სსფ-ს მისიამ საქართველოში ვიზიტი გუშინ დაასრულა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) მისიამ ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით თბილისში შეხვედრები გამართა ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური მოვლენების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესის შესაფასებლად.