2025 წელი საბანკო სექტორმა ორნიშნა ზრდით დახურა, 2026 წელს კი მეტ გაციფრულებასა და ახალ მოთამაშეებს ველოდებით - ამის შესახებ BMG-სთან საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია საუბრობს.

მისი თქმით, სისტემამ მდგრადობა შეინარჩუნა და ყველა საკვანძო მიმართულებით - აქტივების, საკრედიტო პორტფელისა თუ მოგების კუთხით, პოზიტიური დინამიკა აჩვენა.

დავით რუსიას განმარტებით, საბანკო სისტემის აქტივები წინა წელთან შედარებით 12.4%-ით გაიზარდა, რაც მოლოდინებს დაემთხვა.

„2025 წელი საბანკო სისტემამ აქტივების ზრდის მიმართულებით ორნიშნა ციფრით დახურა. საბანკო სისტემა წინა წლამდე დაახლოებით 10 მილიარდზე მეტი ლარით გაიზარდა. დეკემბრამდე დაახლოებით 10%-იან ნიშნულზე ვიმყოფებოდით, თუმცა საბოლოოდ 12.4%-იან ზრდას მივაღწიეთ“.

მისივე შეფასებით, ბაზარზე კონკურენციის ზრდა შეინიშნება, რადგან ე.წ. „მეორე იარუსის“ ბანკების წილი სისტემაში გაიზარდა. პოზიტიური ტრენდია წამყვანი ბანკების აქციების ფასის ზრდაც. რაც შეეხება მოგებას, სისტემამ წელი 3.3 მილიარდი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.

„მოგება წინა წელთან შედარებით დაახლოებით 7%-ით არის გაზრდილი. აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს ძალიან კარგი ციფრია. მნიშვნელოვანია ROE-სა და ROA-ს მაღალი კოეფიციენტები, რადგან ამ ციფრებს ადგილობრივი ანალიტიკოსების გარდა, უცხოელი ინვესტორები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აქტიურად აკვირდებიან. მთლიანობაში, სისტემის მიმართ პოზიტიური განწყობებია შექმნილი,“ - ამბობს დავით რუსია BMG-სთან.

მისივე შეფასებით, 2025 წელს დეპოზიტების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაფიქსირდა. მომხმარებელმა არჩევანი მიმდინარე ანგარიშებიდან ვადიან დეპოზიტებზე გადაიტანა, რამაც ლარის პოზიციები გაამყარა.

„დეპოზიტების მიმართულებით ლარიზაციამ დიდი ნახტომი გააკეთა - პოზიცია 4.5%-ით გაუმჯობესდა. მომავალ წელს კიდევ 4-5%-იან გაუმჯობესებას ველოდებით. სესხების დოლარიზაცია კი 41.2%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირების დოლარიზაცია უკვე 20%-ს ქვემოთაა, თუმცა კორპორაციულ სექტორში უცხოური ვალუტა კვლავ პრევალირებს (68%),“ - ამბობს რუსია.

2026 წლისთვის საბანკო ასოციაცია ციფრული ბანკებისა და მიკრობანკების გააქტიურებას პროგნოზირებს. რუსიას თქმით, ბაზარს შესაძლოა კიდევ ერთი-ორი ახალი მოთამაშე შეემატოს. პარალელურად, გრძელდება „ღია ბანკინგის“ პროექტის განვითარება, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ერთიან პლატფორმაზე შეადაროს სხვადასხვა ბანკის პირობები.

„ღია ბანკინგი ბანკებს უბიძგებს, მეტად სოციალურად პასუხისმგებლიანები იყვნენ. ეს პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად ამოირჩიოს მისთვის საუკეთესო საბანკო პროდუქტი.“

წყარო: bm.ge