"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბანკებად ტრანსფორმაცია სექტორისთვის ახალი ტრამპლინია", - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია BMG-სთან საუბრობს.

მისი თქმით, მიკრობანკების ლიცენზირების პროცესი ხელს უწყობს ფინანსური ინსტიტუტების გამსხვილებასა და მათ ინტეგრაციას ერთიან საბანკო სისტემაში.

დავით რუსია აღნიშნავს, რომ მიკრობანკების რაოდენობის ზრდა პირდაპირ უკავშირდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარების ახალ ეტაპს.

„რაოდენობრივად ვფიქრობთ, რომ გავიზრდებით. შეიძლება ერთი-ორი მიკრობანკი შემოგვემატოს, რაც, ასე ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია საბანკო ოჯახში. ლიცენზირების საკითხი ძალიან კარგი ტრამპლინი აღმოჩნდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის. როცა ვსაუბრობთ მიკრობანკების რაოდენობის ზრდაზე, ვგულისხმობთ სწორედ მისო-ების ეტაპობრივ გადმოსვლას საბანკო სისტემაში გამსხვილების მიმართულებით. ამავდროულად, ჩვენ დიდ მხარდაჭერას ვუცხადებთ მიკროსაფინანსო ასოციაციას და მოვუწოდებთ ფინანსურ ერთეულებს, ჩამოყალიბდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახით. ჩვენი სურვილია, მიკროკრედიტების ბაზარზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ,“ - ამბობს დავით რუსია.

საბანკო ასოციაციაში ელიან, რომ შედეგად, ფინანსური სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება რეგიონებში, რასაც ხელი უნდა შეუწყოს სხვადასხვა სექტორულმა რეფორმამ.

„რეგიონებში ველით საკრედიტო და სადეპოზიტო აქტივობის მნიშვნელოვან ზრდას. თუ განათლების სექტორის რეფორმა გაგრძელდა და უმაღლესი სასწავლო ინსტიტუტები რეგიონებში უფრო ფართოდ გაიშალა, მათ აუცილებლად მიჰყვება სტუდენტური და მიკროსესხები. ეს საბანკო პროდუქტების მეტ დივერსიფიკაციას მოგვცემს რეგიონალურ ჭრილში,“ - აღნიშნა დავით რუსიამ BMG-სთან.

ამ ეტაპზე მიკრობანკების ბაზარზე ორი მოთამაშე კრისტალი” და MBC ოპერირებენ. მიკრობანკებს უფლება აქვთ ერთ მსესხებელზე მილიონი ლარის ფარგლებში სესხი გასცენ.

წყარო: bm.ge