საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აგვისტოში ქართულ ბანკებში განთავსებულმა დეპოზიტებმა 56.1 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 464.14 მლნ ლარით, ანუ 0.83%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის თანახმად, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 52.18% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორი პროცენტული პუნქტით მეტია.

„აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.89% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.02%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.16%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.75%, ხოლო ევროს წილმა 20.59% შეადგინა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.