„კუმისის“ დირექტორის, გოგიტა მაისურაძის თქმით, სააღდგომოდ კვერცხზე ფასი არ მოიმატებს. მისი თქმით, პირიქით, ფასების შემცირებასაც შეიძლება ველოდოთ.
„ფასების ზრდა არ იქნება, პირიქით. ჩვენ საახალწლოდაც და სააღდგომოდაც ფასდაკლებებსაც ვაკეთებთ. იქნება გარკვეული დღეების ფასდაკლებები. ამიტომ ფასი ნამდვილად არ გაიზრდება“, - განმარტა მან.
მისივე თქმით, საქართველოში წლიდან წლამდე ადგილობრივი წარმოება რაოდენობრივად მატულობს.
„ამის მიზეზი ისაა, რომ ერთ სულ მოსახლეზე კვერცხის მოხმარება იზრდება. რადიკალური ზრდა არ არის, მაგრამ 5-6%-იანი ზრდა შეინიშნება. საქსტატის მონაცემებითაც, ერთ სულ მოსახლეზე კვერცხის მოხმარება 1-2 ცალი კვერცხით მატულობს, რაც კარგია. ამიტომაც ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ მოთხოვნას ფეხი ავუწყოთ“, - განაცხადა გოგიტა მაისურაძემ.
„კუმისმა“ გასულ წელს 85 მლნ კვერცხი აწარმოვა. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გოგიტა მაისურაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელს კომპანიას 6%-იანი ზრდა ჰქონდა. მიმდინარე წელსაც, ანალოგიური ზრდა აქვს დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში სასურსათო ქათმის კვერცხის იმპორტი არ განხორციელებულა. ამის მიზეზად „კუმისის“ დირექტორი, გოგიტა მაისურაძე თურქეთში შექმნილ დეფიციტს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთი საქართველოსთვის კვერცხის ერთადერთი საიმპორტო ქვეყანაა 2021 წლის შემდეგ. ამჟამად შეჩერებული იმპორტი კი თურქეთში გავრცელებულ ფრინველის გრიპს უკავშირდება.