ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის დაპატიმრების შემდეგ, კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე ფიქრობს, რომ რომეო მიქაუტაძე სისტემაში დიდძალ ფულს სხვისი დახმარების გარეშე ვერ იშოვიდა.
ბესო დონაძის განცხადებით, რომეო მიქაუტაძე კახა კალაძის, ნათია თურნავას, ლევან დავითაშვილის დაქვემდებარების ქვეშ წლების განმავლობაში მუშაობდა, შესაბამისად კორუფციის მკვლევარი ვარაუდობს, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიერ თანხის უკანონო გზებით შოვნის შესახებ სამივე მაღალჩინოსანი ინფორმირებული იყო.
"მათ ან რომეოსთან ერთად იშოვეს ფული, ან იცოდნენ და ხმას არ იღებდნენ. ეს ადამიანები არიან დასაკავებლები" - თქვა ბესო დონაძემ.
"რომეო მიქაუტაძე მუშაობდა კალაძის, თურნავას, დავითაშვილის დაქვემდებარებაში. ერთი ცალკე აღებული რომეო ამხელა ფულს სისტემაში ვერ იშოვიდა. არ არსებობს საჯარო სამსახურში თანამდებობის პირი, რომელმაც მარტო შეძლოს ფულის კეთება, რომელსაც არ ჰყავს გვერდზე მდგომი. ახლა "პაძელნიკების" მოძებნის დროა. ეს პირველი არ იქნება, გაგრძელდება ასეთი საჩვენებელი დაჭერები. ის, რომ კორუფციას ებრძვის, ეს აბსურდია, გამომდინარე იქიდან, რომეო მიქაუტაძემ ფული რომ იშოვა ეს იცოდა კალაძემ, დავითაშვილმა, თურნავამაც. მაშინ ეს ადამიანები არიან დასაკავებლები. ან რომეოსთან ერთად იშოვეს ფული, ან იცოდნენ და ხმას არ იღებდნენ. ბიძინა ივანიშვილი არ სჯის სახელმწიფოს თუ ვინმემ ზიანი მიაყენა. ბიძინა ივანიშვილი ამ ხალხს სჯის იმისთვის, რომ ფული მოპარა. როგორც ჩანს, გარკვეული ფული გააკეთეს ისე, რომ ივანიშვილმა ეს არ იცოდა. შესაბამისად, ამ ადამიანებს ნელ-ნელა დააკავებს, დააშანტაჟებს". - განაცხადა ბესო დონაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე დააკავა - რომეო მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.