მცირე გრანტების საჯარო კონკურსში არაკომერციულ, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს (ააიპ) შესაძლებლობა ეძლევათ, მაქსიმუმ 2 საგრანტო განაცხადი წარადგინონ. თითოეული პროექტის ბიუჯეტი 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო 2-ის შემთხვევაში — ჯამურად 200 000 ლარს.

"ბიზნესპარტნიორთან" სახელმწიფო მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ თამარ ზოდელავამ აღნიშნა, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ.

"ეს მცირე გრანტების საჯარო კონკურსია, რომელსაც წელიწადში 2-ჯერ ვაცხადებთ. კერძოდ, 1 განაცხადის ბიუჯეტი 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციას შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ 2 საგრანტო წინადადება გამოგზავნოს. ამიტომ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს 2 სხვადასხვა იდეა ჰქონდეს, შესაბამისად, მთლიანი ბიუჯეტი 2-ის შემთხვევაში 200 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირია (ააიპი), რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში საგრანტო განაცხადით შეუძლია მოგვმართოს", - აღნიშნავს თამარ ზოდელავა.

სახელმწიფო მართვის სააგენტოს თავმჯდომარე კონკურსის, სხვადასხვა, მიმართულების შესახებ დაწვრილებით საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ პლატფორმა ძალიან მრავალფეროვანია და ბევრ სეგმენტს მოიცავს. თამარ ზოდელავას განმარტებით,  განისაზღვრა სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და  და მიზნობრივი პროგრამები. შესაბამისად,  თუ მიღებული განაცხადი მიზნობრივ პროგრამას არ პასუხობს, პრიორიტეტში აუცილებლად ჩაჯდება. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა დაინტერესებული პირებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რათა პრიორიტეტულ მიმართულებას ფართო კუთხით შეხედონ.

"პრიორიტეტი და მიზნობრივი პროგრამა ძალიან ფართო ფორმით ჩამოყალიბდა. კერძოდ - დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა, საგარეო პოლიტიკა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, გარემოს დაცვა, ეკონომიკის განვითარება, რეგიონალური განვითარება, მოკლედ, ძალიან დიდი ჩამონათვალია. ფაქტობრივად, მიმართულება არ დავტოვეთ, რაც პრიორიტეტულ მიმართულებაში და მიზნობრივ პროგრამაში განსაზღვრული არ არის", - აცხადებს სააგენტოს თავმჯდომარე.

თამარ ზოდელავას ინფორმაციით, მცირე გრანტების საჯარო კონკურსში მოხვედრის შესაძლებლობა, როგორც უკვე არსებულ, ასევე ახლად შექმნილ ორგანიზაციებს თანაბრად აქვთ. - "რადგანაც ახალ ინიციატივაზე ვსაუბრობთ - გვინდა ორგანიზაციებს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეთ.  ხაზგასმით ვამბობ, რომ სააგენტოს საქმიანობა და გადაწყვეტილების მიღების პრინციპები ობიექტურობას, გამჭვირვალობას ეფუძნება. ამ პრინციპების დაცვით მთლიანი პროცესების წარმართვას უზრუნველყოფთ. სააგენტო მონიტორინგის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას აუცილებლად განახორციელებს", - აღნიშნავს სახელმწიფო მართვის სააგენტოს თავმჯდომარე.

ამასთან, თემის მნიშვნელოვანი აქცენტია - მცირე გრანტების საჯარო კონკურსში განაცხადების მიღება 11 აგვისტოს დასრულდება, ხოლო კონკურსის სრული ბიუჯეტი ₾20 მლნ-ია.

"11 აგვისტოს დასრულების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში საბჭო დაფინანსება არ დაფინანსების შესახებ იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს. შემდეგ საბოლოო ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდება", - ამბობს თამარ ზოდელავა.

bp.ge