კომპანიას, რომელსაც ზღვის პირველ ზოლში, ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე პარკზე დიდი ტერიტორია, 7 ჰექტარზე მეტი ფართობი მიჰყიდეს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ამ დრომდე არ შეუსრულებია. სამაგიეროდ, მოახერხა და აჭარის მთავრობისგან 2017-2018 წლებში იაფად ნაყიდი არაერთი ქონება სარფიანად გადაყიდა.

ქობულეთის პარკის გაგრძელებაზე, ფიჭვნარში ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ ძველი შენობებით და მისი მიმდებარე ტერიტორია „კრისტალ ბილდინგმა“ 2017-2018 წლებში იყიდა და ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. თუმცა აღებული ვალდებულების შესასრულებლად კომპანიას ბევრად მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ეს თავდაპირველი შეთანხმებით იყო განსაზღვრული.

აჭარის მთავრობამ შპს „კრისტალ ბილდგინგს“ აღებული ვალდებულებების შესრულების ვადა არაერთხელ გადაუვადა, თუმცა კომპანია ჯერ ისევ მშენებლობის პროცესშია და ადგილზე არსებული ვითარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვალდებულების საბოლოოდ შესრულებას შესაძლოა კიდევ დიდი დრო დასჭირდეს.

აუქციონის პირობების მიხედვით, შემსყიდველ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა 200-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაშიც უნდა გაეშვა ის. კომპანიამ აიღო ასევე შენობისთვის პროფილის შენარჩუნების 20 -წლიანი ვალდებულება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% საქართველოს მოქალაქეები იქნებოდნენ.

„კრისტალ ბილდინგის“ 90 პროცენტს აზერბაიჯანის მოქალაქე ელბრუს ნაბიევი ფლობს. 10 პროცენტი კი კომპანიის დირექტორის ვანო ლომიძის საკუთრებაა. ეს კომპანია 2015 წელს საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეებმა – ელბრუს ნაბიევმა და პარვიზ ვალიევმა დააფუძნეს. მალევე პარვიზმა თავისი წილი ნაბიევს უსასყიდლოდ დაუთმო.

29 322 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, გამწვანებული მიწის ნაკვეთი ზღვასთან ახლოს  „კრისტალ ბილდინგმა“ ელექტრონულ აუქციონზე 1 მილიონ 148 000 ლარად შეისყიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ 1კვ.მეტრში 50 ლარი გადაიხადა. ქობულეთის სანაპიროზე, ზღვასთან ახლოს 1.კვ მეტრ ფართობს ასეთი დაბალი ფასი 8 წლის წინაც არ უნდა ჰქონოდა. ამ ფაქტმა კითხვები სახელმწიფო უწყებებშიც გააჩინა.

2019 წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „კრისტალ ბილდინგს“ შორის დადებული ხელშეკრულება სამინისტროდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წაიღო. როგორც მაშინ თავად დაგვიდასტურეს, გამოჰკითხეს სამინისტროს თანამშრომლებიც. არაოფიციალურად გავიგეთ ისიც, რომ საგამოძიებო სამსახურის ინტერესი სწორედ ქონების გასხვისების ფასმა გამოიწვია. სამინისტროში ხელშეკრულების შესაძლო გაუქმებაზე ადმინისტრაციული წარმოებაც დაიწყეს. 

ქონების გასხვისებიდან მერვე წელს კი, შეძენილი ქონება ინვესტორმა თავისი ვალდებულებით ახალ კომპანიას გადასცა, რომლის 50 პროცენტიც სხვა კომპანიაზე გაასხვისა. ხელშეკრულებაში ჩაწერეს, რომ 50-პროცენტიანი წილის გასხვისების ფასი კომერციული საიდუმლოა.

საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, 2024 წლის ივლისში „კრისტალ ბილდინგმა“ შპს „კბქ“ დააფუძნა. შემდეგ კი ამ კომპანიას გადასცა ქობულეთში აღმაშენებლის # 277 – ში არსებული ქონება და ვალდებულებები. ამის პარალელურად  შპს „კბქ“-ის 50 პროცენტი შპს „ემინენტ ინვესტ“-ს მიჰყიდა. ამ კომპანიას ბიზნესმენი დიმიტრი ოქროპილაშვილი ფლობს.

„ეს იყო შიდა მოლაპარაკება პარტნიორებს შორის. რა მნიშვნელობა აქვს პირველად რამდენად გაიყიდა. იქ შენობაც არის აშენებული, ალბათ გექნებათ ნანახი. რაც არის რეესტრში წარმოდგენილი ეს არის საჯარო და შეგიძლიათ ნახოთ. დანარჩენი რაც რეგისტრირებული არ არის,  ეს უკვე პარტნიორებს შორის შეთანხმებაა და არ არის საჯარო ინფორმაცია. წილები გასხვისდა, პროექტი მიმდინარეობს და უნდა შესრულდეს ყველაფერი, რაც არის მოთხოვნილი… იმიტომ არ წარედგინათ ეს, რომ დაფარული იყო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის პარტნიორთა შორის შეთანხმება და ჯერჯერობით მაგ ინფორმაციას ვერ მოგცემთ“, – გვითხრა შემსყიდველი კომპანიის მფლობელმა, დიმიტრი ოქროპილაშვილმა სატელეფონო საუბარში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, შპს „კრისტალ ბილდინგმა“ იმ არგუმენტით, რომ აქ მთავარი შენობის კარკასი უკვე აშენებულია და კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლადაც გაიღო ხარჯი, შპს „ქბქ“-ს კომპანიის 50 პროცენტი სარფიანად მიჰყიდა.

2018 წელს შპს „კრისტალ ბილდინგმა“ ქობულეთში, ცენტრალური პარკის გაგრძელებაზე, ზღვის პირველ ზოლში, კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, 4 ჰექტრამდე ფართობი ძველი შენობებით [37 707 კვ.მეტრი] პირობიანი აუქციონით იყიდა. ამ ნაკვეთში კომპანიამ 2 მილიონ 550 000 ლარი გადაიხადა და 30 -მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. რეესტრის ახალი ამონაწერის მიხედვით, „კრისტალ ბილდინგმა“ ინვესტორი აქაც შემოიყვანა. ნაკვეთი 3 საკადასტრო ერთეულად დაყო და ერთი ნაწილი, 13 117 კვ. მეტრი კომპანიას „ჰაუსარტ რეზორტს“ 2021 წელს აღებული ვალდებულების პირობით მიჰყიდა. რეესტრის ამონაწერით, „ჰაუსართ რეზორტმა“ ნაკვეთი ზღვასთან ახლოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაირეგისტრირა. 

აუქციონის პირობის მიხედვით, სანაპიროზე, აღმაშენებლის #313-ში კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში არსებული შენობების რეკონსტრუქცია და ახალ შენობაში მრავალფუნქციური გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობა უნდა დაესრულებინა.  ამ პროექტში კომპანიამ ჯამში 30 -მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო, ბევრი ცვლილების და ხელშეწყობის მიუხედავად „კრისტალ ბილდინგმა“ ვალდებულება ამ ნაწილშიც ვერ შეასრულა.

„ჰაუსარტ რესორტი“  2021 წელს დავით გოგიჩაიშვილმა და გიორგი ლოლუამ დააფუძნეს. მალევე კომპანიის მეწილეები გახდნენ დიმიტრი ვაჩნაძე, ალექსანდრე ანთელავა და დავით ბაინდურაშვილი.

ამ ნაკვეთზე, აღმაშენებლის #313-ში, ზღვის პირველ ზოლში, კომპანია სამი მრავალსართულიანი შენობისა და ოთხი შედარებით მცირე ზომის დამხმარე ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. შპს „კრისტალ ბილდინგმა“ საკუთრებაში არსებული ტერიტორიის განაშენიანების გეგმა [გრგ] 2020 წელს წარუდგინა ქობულეთის მერიას და შემდეგ საკრებულოს.

  • სახელმწიფო ქონების გადაყიდვისას ფასის გასაიდუმლოების შემთხვევაში, როგორ ვაზღვევთ კორუფციის რისკებს?
  • როგორ უნდა აკონტროლონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქონების განკარგვის ეფექტურობა?
  • როგორ გავიგებთ, თუ უწყება ქონებას საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად და პირობით გაყიდის და შემდეგ შემძენი ამ ქონებით უფრო „დიდ ფულს გააკეთებს?

ამ კითხვებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს უფროსი იურისტი თეონა ზაქარაძე განმარტავს:

„ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ გვაქვს ღია მონაცემთა ბაზები. შესაბამისად, ასეთი ტრანზაქციების დროს მთავარი პრინციპი არის ის, რომ ტრანზაქციები, მათ შორის ღირებულება უნდა იყოს საჯარო. საგამონაკლისო შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გასხვისების საფასურის, ქონების ღირებულების კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის რაიმე დოკუმენტი, რომელიც ცალკე არეგულირებს საჯარო რეესტრისთვის ფასის საიდუმლოდ მიჩნევას. ჩვენ გვაქვს ორი შემთხვევა, ერთ შემთხვევაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, საუბარია ქონების გასხვისებაზე და მეორე შემთხვევაში წილის გასხვისებაზე.

პრინციპი არის ის, რომ ღია და საჯარო იყოს ეს მონაცემები. როდესაც საუბარია სახელმწიფოსთან პირობადადებულ, გარკვეული ვალდებულების მქონე ქონებაზე, კიდევ უფრო მეტი ინტერესია. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს დასაბუთებული, რატომ გადაწონა საჯარო ინტერესი კონკრეტული პირის კომერციულმა საიდუმლოებამ.

ასევე უნდა იყოს დასაბუთებული საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუ რატომ მიიჩნია კომერციულ საიდუმლოებად ამა თუ იმ ქონების ღირებულება. განსაკუთრებით, როდესაც ეს ქონება სახელმწიფოსგან გარკვეული პირობებით გადადის კონკრეტული ბიზნესმენის, ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში.

გასულ წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც წერდა, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ქონებას არაეფექტურად განკარგავს, ზოგ შემთხვევაში უარგუმენტოდ ამცირებს ქონების საპრივატიზებო საფასურს, ზოგ შემთხვევაში კი ზრდის მას. ფიქსირდება არაერთგვაროვანი მიდგომის მაგალითებიც.  გარდა ამისა, სამინისტრო სრულყოფილად ვერ ახერხებს კომპანიებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს, ასევე შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოების აღრიცხვას.

წყარო: "ბათუმელები"