„როდესაც მსგავს ფორუმზე არ გიწვევენ, ეს არამხოლოდ პოტენციური საინვესტიციო "ქეისების" დაკარგვას ნიშნავს, არამედ მნიშვნელოვანი ნეგატიური სიგნალია მთელი საინვესტიციო საზოგადოებისთვის",- ამის შესახებ ეკონომისტი პაატა ბაირახტარი სოციალურ ქსელში წერს.
„კომერსანტი“ ეკონომისტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მოკლედ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს დავოსის ეკონომიკური ფორუმი და რა მნიშვნელობის მატარებელია მასში მონაწილეობა.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 1971 წელს დაარსდა და მასში მონაწილეობას ყოველწლიურად 60-ზე მეტი, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობა იღებს.
არსებობს სტერეოტიპი, რომ "დავოსში" მცირე და საშუალო ეკონომიკების ქვეყნები მონაწილეობენ. რაც ასე ნამდვილად არაა. ამის მაგალითია, გასულ წელს ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ვრცელი ანგარიში "დავოსში". სადაც მან ინვესტორების მოსაზიდად, ჩინეთის მონეტარული და ფისკალური ხელისუფლებების დაგეგმილი ნაბიჯების, ვრცელი ანალიზი წარადგინა.
რაც მთავარია "დავოსში" მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორები. ისეთები როგორიც არიან, მაგალითად "აკვა ფაუერი". ის ელექტროენერგიის გენერირების კუთხით, მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა და მისი აქტივები 75 მილიარდს აჭარბებს ( სხვათა შორის, წინა ფორუმზე, წინა პრემიერმა ღარიბაშვილმა, პირადად დაპატიჟა ეს კომპანია საქართველოში).
"დავოსი" ნამდვილად გახლავთ წლის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მოვლენა, რომელსაც ნებისმიერი ქვეყნის საინვესტიციო მდგომარეობის, არსებითი ცვლილება ძალუძს.
პ.ს. როდესაც მსგავს ფორუმზე არ გიწვევენ, ეს არამხოლოდ პოტენციური საინვესტიციო "ქეისების" დაკარგვას ნიშნავს, არამედ მნიშვნელოვანი ნეგატიური სიგნალია მთელი საინვესტიციო საზოგადოებისთვის",- წერს ბაირახტარი.
ცნობისთვის, საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში „კომერსანტს“ უთხრეს.