ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას შეფასებით, დღემდე ინფლაციის არსებული მაჩვენებელი ისეთი კრიტიკული არ იყო, რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი შეეცვალა. "საქმიანი დილის" ეთერში მარეგულირებლის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მცირედით გაზრდის გადაწყვეტილებას ეკონომისტი პრევენციული ხასიათის მატარებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ინფრაციური წნეხის გაზრდის მოლოდინებთან არის დაკავშირებული.
„ქვეყანაში მაღალი ინფლაცია და ფასების ზრდა ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. თუმცა, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, სიტუაცია ჯერ იმ დონემდე კრიტიკული არ იყო, რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა. როგორც წესი, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს მაშინ ზრდის, როცა ინფლაცია ბევრად უფრო მაღალი და კონტროლიდან გასვლის რისკის ქვეშაა. ამიტომაც იყო მოლოდინი, რომ განაკვეთი უცვლელი, 8%-ის დონეზე დარჩებოდა.
შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ გადაწყვეტილება უფრო პრევენციულ ხასიათს ატარებს. სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკს გაკეთებული აქვს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, მომავალში ინფლაციური წნეხის ზრდას ელოდება და სწორედ ამის წინასწარ შესაკავებლად მიიღო განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება.
რაც შეეხება საგარეო ფაქტორებს, წლების განმავლობაში ხშირია ტენდენცია, როდესაც ინფლაცია ძირითადად გარე მიზეზებს ბრალდება, მაშინ როცა ნაკლები ყურადღება ექცევა შიდა ეკონომიკურ პოლიტიკას, მონეტარულ მიდგომებსა და მთავრობის ეკონომიკურ ხედვებს. ამის მაგალითი პანდემიამდელი პერიოდია, როდესაც თურქეთში მაღალი ინფლაცია იყო და ხშირად ისმოდა მოსაზრება, რომ თურქეთის ინფლაცია საქართველოსაც გადმოედებოდა, რადგან ორ ქვეყანას მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აკავშირებს. თუმცა რეალური სურათი უფრო კომპლექსური იყო: თუ იმ ქვეყანაში, საიდანაც პროდუქცია შემოგაქვს, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ინფლაციაზე უფრო სწრაფია, მაშინ იმპორტირებული პროდუქტი, წესით, უნდა იაფდებოდეს. სწორედ ასეთი პროცესები მიმდინარეობდა მაშინ თურქეთში. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივ სივრცეში მარტივად დამკვიდრდა ნარატივი, რომ თურქეთის ინფლაცია ავტომატურად საქართველოს ინფლაციასაც ზრდიდა. დღესაც მსგავსი მიდგომაა", - განაცხადა მაკალათიამ.
ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ფასების საერთო ზრდაში გადამწყვეტი წილი სურსათის გაძვირებაზე მოდის, ხოლო მთავარი შიდა მიზეზი ეკონომიკაში ფულის ჭარბი მიწოდებაა.
„თუ კონკრეტულ მონაცემებს შევხედავთ, 5.9%-იან ინფლაციაში ყველაზე დიდი წილი, დაახლოებით, 40%-ზე მეტი სურსათის ჯგუფზე მოდის. ანუ მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 2.58 პროცენტული პუნქტი სწორედ სურსათის გაძვირებამ განაპირობა.
მართალია, ტრანსპორტის ჯგუფში ორნიშნა, დაახლოებით 10%-იანი ინფლაცია ფიქსირდება, რაც საწვავის გაძვირებითაა განპირობებული, თუმცა მთლიან ინფლაციაში მისი წვლილი დაახლოებით 1.2 პროცენტული პუნქტია. ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მაგრამ არა ისეთი მასშტაბის, რომ მთლიანად საწვავის გაძვირებას დავაბრალოთ ქვეყანაში ფასების საერთო ზრდა.
საგარეო ფაქტორები კი ნამდვილად არის, მაგრამ მთავარი მიზეზი რაც არის, ეს არის, რომ ეროვნული ბანკი უფრო მეტ ფულს უშვებს ბრუნვაში, ვიდრე ეს ეკონომიკას სჭირდება და მერე ამ ზედმეტად გამოშვებული ფულის ამოღებას ცდილობენ ჩვენი ჯიბიდან“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში მაკალათიამ.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. სებ-ი ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან გამომდინარე ინფლაციურ წნეხს უკავშირებს.
გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ გლობალურად გაზრდილი რისკები უკვე ასახულია ენერგორესურსების გაძვირებასა და საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასების ზრდაში. შედეგად აპრილში ინფლაციამ 5.9 პროცენტი შეადგინა, რითაც ის 2 წლიან მაქსიმუმზეა.
საჭიროების შემთხვევაში, რეგულატორი მზად არის განაკვეთის დამატებით გაზრდისთვის, ხოლო რისკების შემცირების შემთხვევაში ეტაპობრივი შერბილებისთვის.