ივნისში საქართველოს სავალუტო რეზერვები 19 მილიონი დოლარით შემცირდა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, რეზერვების დონე 4.6 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. სულ 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 429 მილიონი დოლარით იკლო.

„საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 9.6%-ით შემცირდა და 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.4%-ით შემცირდა (-19.0 მლნ აშშ დოლარი).

ამასთან, ივნისში სებ-მა 1 სავალუტო აუქციონი ჩაატარა, სადაც 60.0 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. რეზერვების სხვა ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 ივლისს)“, - ნათქვამია Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაში.

ცნობისთვის, ვნისსი ისაერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის დონეზე ნაკლებია.

„ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ დაეცა“, - ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.