პარლამენტში საშემოდგომო სესიაზე სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ კანონპროექტი უნდა განიხილონ, რომელიც აღნიშნული პროდუქტის წარმოების, იმპორტისა და დისტრიბუციის საკითხებს დაარეგულირებს.

კერძო სექტორი სამედიცინო მოწყობილობების რეგულირების მომხრეა, თუმცა როგორც სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელთა, იმპორტიორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მამუკა ლოლაძე "საქმიანი დილას" ეთერში განმარტავს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი ქართულ რეალობასთან თანხვედრაში არ არის.

მამუკა ლოლაძე ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში სამედიცინო მოწყობილობები, ფაქტობრივად, არასდროს მოქცეულა რეგულაციების ქვეშ, ევროკავშირის დირექტივების პირდაპირ გადმოღება შედეგს ვერ გამოიღებს.

"ქვეყანაში სამედიცინო მოწყობილობებთან დაკავშირებით, ჩავთვალოთ რომ საბჭოთა კავშირის მერე, არანაირი რეგულაცია არ არსებობდა. 90-იანი წლების ბოლოს იყო პერიოდი, როდესაც სამედიცინო მოწყობილობების იმპორტი რაღაც რეგულაციებს ექვემდებარებოდა, თუმცა ბენდუქიძის დროს ესეც მოიხსნა. მაშინაც ეს სუფთა დოკუმენტური ხასიათის იყოს და არსებით ჩაღრმავებებს არ მოიცავდა. მას შემდეგ დღემდე არ არსებობს არანაირი რეგულაცია, როგორც იმპორტის, ისე მოვლა-გამოყენების კუთხით, რაც ევროკავშირში დამკვიდრებულია.

კანონპროექტის პირველივე დრაფტი, რომელიც მივიღეთ, ევროკავშირის კანონიდან დაკოპირებული ძალიან დიდი მოცულობის მასალა იყო, რომელიც ჩვენს დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება. ევროკავშირში პირველად რეგულაციები 1993 წელს მიიღეს, შემდეგ ჩაითვალა, რომ ის განახლებას საჭიროებდა და 2017 წელს ახალი დირექტივები შეიმუშავეს, რომელიც პანდემიის გამო სრულად ამოქმედებული დღემდე არ არის და ითვლება, რომ თუ 2030 წლისთვის კანონი თავის ამოცანებს შეასრულებს, ეს კარგი შედეგია. ჩვენ კი 2017 წლის ვერსია ავიღეთ იმ პირობებში, რომ მანამდე რეგულაციები საერთოდ არ გვქონდა, მისი დიდი ნაწილი გადმოვიტანეთ და ვამბობ, რომ უნდა შევასრულოთ", - ამბობს მამუკა ლოლაძე.

კანონპროექტის მიხედვით, თუ მოწყობილობის მწარმოებელი არ არის დაფუძნებული საქართველოში, მოწყობილობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში განთავსდეს საქართველოს ბაზარზე, თუ მწარმოებელი დანიშნავს ერთ უფლებამოსილ წარმომადგენელს. იმპორტიორმა კი საქართველოს ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობა უნდა განათავსოს, რომლებიც კანონის მოთხოვნებს შეესაბამება.

ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საქართველოში წარმომადგენლის დანიშვნა და წარმოების ადგილობრივ კანონზე მორგება მწარმოებელი კომპანიებისთვის დამატებითი ხარჯი იქნება, რისი გაღებაც საქართველოს ზომის ბაზრისთვის მათ არ უღირთ.

"ევროკავშირის რეგულაცია, რომელიც ბოლომდე იქაც არ არის ძალაში შესული, 500-მილიონიან მოსხლეობაზეა გათვლილი, სადაც ჯანდაცვაზე დანახარჯი 1.7 ტრილიონი ევროა. რა თქმა უნდა, როდესაც მწარმოებელს ვალდებულებებს უდგენენ, ისინი დაინტერესებული არიან, რომ გაიღონ ხარჯები, მოერგონ ამ მოთხოვნებს და თავიანთი პროდუქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ბაზარზე შეიტანონ.

ვიდრე ევროკავშირის წევრი გავხდებით, იგივე კომპანიებს მოვთხოვოთ, ანალოგიური პროცესები პარალელურად საქართველოსთვისაც გაიარონ და ადგილობრივ მოთხოვნებს მოერგონ, ამ კომპანიებს ნამდვილად არ უღირთ სამმილიონიანი ბაზრისთვის ამ რესურსის გამოყოფა", - ამბობს ლოლაძე.

იგი აღნიშნავს, რომ კერძო სექტორი რეგულაციებს მიესალმება, თუმცა უკეთესი იქნება, თუ საქართველო ევროკავშირში გაცემულ ნებართვებს აღიარებს და სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიებს პარალელური პროცესების გავლას აღარ მოსთხოვს.

"ეს კანონი ამ შინაარსით რომ გავიდეს, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება აღსრულების კუთხით, ბევრჯერ გადაიდება და ბოლოს მხოლოდ ფურცელზე დარჩება", - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.

კანონპროექტის ბოლო ჩანაწერის თანახმად, მისი ძალაში შესვლა 2025 წლის 1 იანვრიდან 2027 წლამდე გადაიდო.

წყარო: bm.ge