ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ბაზარზე პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია. ტრადიციული კერძებისთვის საჭირო პროდუქტების ფასები წლიდან წლამდე ძირითადად იზრდება, გამონაკლისი კი არც წლევანდელი წელია.
ასე მაგალითად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის ყველა პროდუქტი, რასაც მოქალაქეები საახალწლო სუფრისთვის ყიდულობენ, გაძვირებულია.
კერძოდ, ნოემბერში წლიურად 10.7%-ით გაძვირდა იმერული ყველი, ხოლო სულგუნი - 8.6%-ით. ღორის ხორცი გაძვირებულია 5.9%-ით, ქათმის ხორცი კი 3%-ით. ამავე დროს თაფლის ფასი გაზრდილია 1.9%-ით, ხოლო ნიგოზი ნოემბერში გაიაფებული იყო 1.67%-ით.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ჯდება წელს საახალწლო სუფრა და ფასები აგრარულ ბაზრებზე გადაამოწმა:
წელს კვლავაც მაღალია ინდაურის ფასი - ღირებულება 120 ლარიდან იწყება და 220 ლარსაც კი აღწევს.
გარდა ამისა, მზარდია ქათმის და ღორის ხორცის ფასებიც. ბაზარზე ერთი ქათმის ღირებულება საშუალოდ 60 ლარის ფარგლებშია, 1 კგ. ღორის ხორცის ფასი კი საშუალოდ 25 ლარს შეადგენს.
განსხვავებულია ყველის ფასებიც, კატეგორიების მიხედვით იწყება 14 ლარიდან და 19-ლარსაც კი აღწევს. სულგუნის ღირებულება კი წელს საშუალოდ 32 ლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება გოზინაყის ინგრედიენტებს, თაფლის ფასი წელს 20-30 ლარის ფარგლებში მერყეობს, ნიგვზის ფასი კი 17 ლარიდან იწყება და სახეობის მიხედვით 39 ლარსაც აღწევს.