20 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალში მარიონეტულმა რეჟიმმა ე.წ. რესპუბლიკის დღე აღნიშნა. ღონისძიების სტუმრებს შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი უმაღლესი წარმომადგენელი, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, სერგეი კირიენკო იყო.
კირიენკო სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოვიდა და ვლადიმირ პუტინის წერილი წაიკითხა.
"ძვირფასო ალან ედუარდოვიჩ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ძვირფასო მოქალაქეებო, მიიღეთ ჩემი გულთბილი მილოცვა რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. ეს დღესასწაული იქცა საკუთარი კანონიერი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლებისთვის შეუდრეკლად მებრძოლი სამხრეთ ოსეთის ხალხის სიმამაცისა და ძლიერი სულის სიმბოლოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური და მოკავშირე ურთიერთობები ნაყოფიერად გააგრძელებს განვითარებას. მსურს დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ყველანაირ დახმარებას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების გადაჭრაში. გულით გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობასა და წარმატებებს სახელმწიფო მოღვაწეობაში, სამხრეთ ოსეთის ყველა მოქალაქეს კი - მშვიდობასა და კეთილდღეობას." - წაიკითხა პუტინის მიმართვა კირიენკომ.
აღლუმამდე კირიენკოსა და გაგლოევს შორის შეხვედრა გაიმართა. მარიონეტ ლიდერთან საუბრის დროს რუსმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ პუტინმა პირადი ფონდიდან ოკუპირებული ცხინვალის სამედიცინო სფეროს დასახმარებლად თანხები გამოყო.
"მართლაც, გვაქვს საერთო ისტორია, საერთო რწმენა და საერთო გმირები. ასე იყო ყოველთვის. ასე იყო დიდი სამამულო ომის დროს და ასეა ახლაც, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს. ოსი ერის ათასობით შვილი გმირულად იბრძვის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფრონტებზე. ძალიან მადლიერები ვართ და ძალიან ვაფასებთ თავგანწირვას...
ჩვენ, რაზეც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შევთანხმდით, განკარგულებები, რომლებიც მან 10 მაისის შეხვედრის შემდეგ გასცა - მიდის დიდი სამუშაო. ამ დღესასწაულამდე ჩვენ ტელეფონით ვისაუბრეთ, რომ არის რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომ დამატებითი 361 მილიონი რუბლიდან 160 მილიონი რუბლი უკვე მომდევნო კვირაში გამოიყოფა, დანარჩენი ოქტომბერ-ნოემბერში. ანუ, რაც საჭირო იყო პენსიების, ხელფასების, ყველა საჭირო საშუალების გადასახდელად რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილია.
ამას გარდა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინმა ხელი მოაწერა საკუთარი სარეზერვო ფონდიდან დამატებითი საშუალების გამოყოფას სამხრეთ ოსეთის დახმარებისთვის. ეს პირველ რიგში არის დამატებითი დახმარება სამედიცინო დანადგარებისთვის." - თქვა პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.
ცხინვალელ პედაგოგებთან შეხვედრის დროს კირიენკომ აღნიშნა დამატებითი დეტალებიც, რომ პუტინმა პირადი ფონდიდან დამატებითი დახმარება გამოუყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სკოლებსაც.
"მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სპეციალურ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც საშუალებები გამოიყო არა უბრალოდ ქვეყნის ბიუჯეტიდან, არამედ პრეზიდენტის პირადი სარეზერვო ფონდიდან." - თქვა კირიენკომ.
ამას გარდა, გამართული ე.წ. რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში კირიენკომ მადლობა გადაუხადა სეპარატისტების ძალებს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში რუსეთის სასარგებლოდ მონაწილეობისთვის.
"გულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დღეს, მისი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 35-ე წლისთავს. ეს 35 წელი რუსეთმა თქვენს მხარდამხარ გაიარა, ერთად გადავლახეთ გამოწვევები, ერთად გავუმკლავდით გამოცდებს, ერთად, როგორც ყოველთვის ადრე, მივაღწიეთ გამარჯვებებს...
მაისში, წითელ მოედანზე, მოსკოვში ჩატარდა ტრადიციული გამარჯვების აღლუმი. მოხარული ვიყავით, იქ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალან ედუარდოვიჩ გაგლოევი გვენახა, რადგან იმ ადამიანთა შორის, ვისაც ჩვენი ქვეყნის გმირებს ვუწოდებთ, ყოველთვის იყვნენ თქვენი თანამემამულე ოსები. გვახსოვს საბჭოთა კავშირის გმირები სამხრეთ ოსეთიდან. პირველი მათგანი გახდა მფრინავი ალექსეი ოსტაევი, რომელიც ბრძოლებში 1942 წელს დაიღუპა. სამხრეთ ოსური წარმომავლობის რვა ადამიანი გახდა საბჭოთა კავშირის გმირი დიდი სამამულო ომის დროს საკუთარი გმირობების გამო. მაგრამ ჩვენ ვაფასებთ ყოველი ოსის უდიდეს წვლილს ამ საერთო დიდებულ გამარჯვებაში, რომლის 80 წლის თავს საერთო დღესასწაულად აღვნიშნავთ. სამხრეთ ოსეთის ყოველმა მეხუთე მაცხოვრებელმა, 11 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ამ დიდებულ ომში ნაციზმის წინააღმდეგ.
ჩვენ ვამაყობთ ნაციზმთან ახალი ბრძოლის გმირებით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეებით, სადაც ისე, როგორც 80 წლის წინ, სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს იბრძვიან მებრძოლები სამხრეთ ოსეთიდან სხვადასხვა ნაციონალობის საკუთარ ძმებთან ერთად, იბრძვიან გმირულად, ისე, როგორც მათი პაპები და დიდი პაპები." - თქვა კირიენკომ.
პუტინის ხელქვეითის თქმით, მათ, ვინც 90-იან წლებსა და 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "წინააღმდეგ წავიდნენ" არსებობა "ტრაგიკულად დაასრულეს".
"სამხრეთ ოსეთის ისტორია კარგად აჩვენებს, რა ემართებათ მათ, ვინც ცდილობს ერს წაართვას კულტურის უფლებები, ენა, ტრადიციები. ვინც თქვენს წინააღმდეგ წავიდა 90-იანების დასაწყისში და ვისი შეჩერებაც გახდა საჭირო 2008 წელს, ტრაგიკულად დაასრულეს. ისინი აღარ არსებობენ. სამხრეთ ოსეთი კი არსებობს და სამუდამოდ იარსებებს. მაშინ იზეიმა სამართლიანობამ და ასე იქნება მომავალშიც. დღეს ჩვენი საერთო დღესასწაულია, საერთო გმირების დღესასწაული და საერთო მომავლის დღესასწაული. გილოცავთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 35-ე იუბილეს." - თქვა კირიენკომ.
ამავე ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი, ასევე MMA-ის პუტინისტი ამერიკელი მებრძოლი, ჯეფ მონსონი, რომელიც ბაშკირეთის პარლამენტში რუსეთის მმართველი პარტიის დეპუტატია. ასევე, სიტყვით გამოვიდა ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელი, სერგეი მენიაილო.
"ჩვენ ერთი ერი ვართ. გვაქვს ერთი ისტორია, ვლაპარაკობთ ერთ ენაზე, გვესმის ერთმანეთის, ვლოცულობთ ერთი და იგივე ღმერთებისადმი, გვაქვს საერთო ტრადიციები, ჩვეულებები და ქცევები. 35 წლის წინ სამხრეთ ოსეთის ხალხმა საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვეტილება - ეცხოვრათ თავისუფლად საკუთარ მიწაზე, ეცხოვრათ იმ ღირებულებებით, რომლებიც წინაპრებისგან მიიღეს, რომლებსაც ჩვენ ვინახავთ, ვამრავლებთ და გადავცემთ ახალგაზრდებს. და რა თქმა უნდა, მინდა მოგილოცოთ დღეს პირველი საერთაშორისო ეკონომიკურ-ინვესტიციური ფორუმის ჩატარებაც. ეს დიდი ნაბიჯია. მსურს სამადლობელი სიტყვები ვუთხრა რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რადგან ასეთი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანხმობისა და განკარგულების გარეშე ვერ გადაიდგმებოდა." - თქვა მენიაილომ.
ცხინვალში 18-20 სექტემბერს გაიმართა "პირველი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი" - "სამხრეთ ოსეთი - ინვესტიციების ჰორიზონტი". რუსული პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ფორუმს დაესწრნენ დელეგატები რუსეთიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, ნიკარაგუიდან, ვენესუელიდან, ჩინეთიდან და ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან. ღონისძიებას დაესწრო სერგეი კირიენკოც.
2025 წლის გაზაფხულიდან პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს ფაქტობრივად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლი ჩაბარდა. მან ოკუპირებული აფხაზეთის კურატორად პუტინის ადმინისტრაციის მაშინდელი ერთ-ერთი მოადგილე, დმიტრი კოზაკი ჩაანაცვლა, რის შემდეგაც ე.წ. არჩევნებში კრემლისთვის სასარგებლო კანდიდატმა, ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, კოზაკსა და პუტინს შორის უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა და მაღალჩინოსანი ამიტომ გავლენებს კარგავდა. კოზაკმა საბოლოოდ თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში დატოვა.
დამოუკიდებელი რუსული მედია მედუზა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბადრა გუნბას კამპანიაში კირიენკო პირადად იყო ჩართული. რუსი მაღალჩინოსანი აპრილში ოკუპირებულ ცხინვალს, მაისში კი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია. მაისის შემდეგ კირიენკო სოხუმში კიდევ ოთხჯერ ჩავიდა.
tabula.ge