საქართველოს პროკურატურამ მოხელის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ „შემოსავლების სამსახური“-ს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-ს ცვლის უფროსმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ - საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის უკანონო გადმოტანის უზრუნველსაყოფად, მოითხოვა და ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 4 000 აშშ დოლარი.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქრთამის აღება დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს