საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი პრეზიდენტის ვეტოს მიესალმება და თვლის, რომ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სებ-ის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებდა.
„ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მკაფიო არჩევის წესი არსებობს, რომელიც საოპერაციო პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს და არ არის საჭირო ახალი წესების განსაზღვრა. ეროვნული ბანკი დღეს კარგ ხელშია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის მმართველობის პირობებში.
როგორც სავალუტო ფონდის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, არ არის საჭიროება შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენი შეფასებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს მივესალმეთ,”- აცხადებს ჯეიმს ჯონი.
სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე პარლამენტმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები.
23 თებერვალს „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. „არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!“ - ეწერა საკანონმდებლო ცვლილების შესახებ პრეზიდენტის განცხადებაში.
2 მარტს კობა გვენეტაძემ პოსტი დატოვა, მას შემდეგ სებ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილია. აღსანიშნავია, რომ დღემდე გრძელდება სებ-ის საბჭოს კანდიდატობის შესარჩევი პროცესი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ატარებს.