პირველ ეტაპზე სასაქონლო ბირჟა უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ავტომატურად გაჩნდება კაპიტალის ბაზარი და ნულოვანი გარიგებებიც აღარ იქნება, - ამის შესახებ ტრეიდერების ჰაბის დამფუძნებელმა რატი ქირიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალებში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დღემდე ძირითადად ტრადიციული მიმართულებით ხდება ფულის დაბანდება, თუმცა წინა წლებთან შედარებით აქციებში ინვესტირება მაინც მზარდია.
„საქართველოში ტრადიციული მიმართულებით ცდილობენ ფულის დაბანდებას, როგორიცაა უძრავი ქონების შეძენა ან ბანკში ანაბრის გახსნა, თუმცა ინვესტიციების დროს ჩვენ გვაქვს საშუალება იმ ტიპის პორტფოლიო შევქმნათ როგორი ოჯახური თუ ფინანსური მდგომარეობაც გაგვაჩნია, მაგალითად მაღალი, საშუალო ან დაბალი. ჩვენ რომ მაგალითად ნიუ იორკის საფონდო ბირჟა განვიხილოთ, ამ ქვეყნის ინდექსები დღესდღეობით მაქსიმუმზეა ასული ანუ მათში ფული რომ ჩაედო თავის დროზე მოსახლეობას და ჰქონოდა გრძელვადიანი ინვესტირება, დღეს ძალიან მაღალპროცენტიანი ზრდა ექნებოდათ, ამიტომ ძალიან სტაბილურია აქციებში ინვესტირება, განსაკუთრებით ამერიკულში.
რაც შეეხება რისკებს ის ყველაფერშია, თუნდაც იგივე უძრავი ქონების შეძენაში, რადგან არ ნიშნავს რომ აპრიორი ის ქონება მომავალში გაძვირდება, არის სისტემური რისკიც, მაგალითად ომი, სტიქია, სახელმწიფო რისკი და სხვა, რომლის კონტროლი შეუძლებელია. რაც შეეხება აქციების შეძენას, აქაც, თუ ერთი დარგის კომპანიებს შეიძენ, თუ მათ ულხინთ, ერთდროულად იზრდებიან, ტენდენცია ერთი აქვთ და პრობლემების შემთხვევაშიც დაახლოებით მსგავსი კლება არის, ამიტომ მარტივად რომ ვთქვათ საჭიროა დარგებში, სექტორებში დივერსიფიცირება, რომ ბალანსი იგრძნო“, - ამბობს რატი ქირია.
ტრეიდერის თქმით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებამდე უფრო სწორი იქნება სასაქონლო ბირჟის შექმნა.
„ჩვენ ნამდვილად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ფინანსური ბაზრის არქონა გვაძლევს იმას რომ ვერ ვგრძნობთ ამ შემოსავალს რაც ქვეყანას გააჩნია, ამიტომ კაპიტალის ბაზრამდე სასაქონლო ბირჟის დაწყება უფრო სწორი იქნებოდა, რადგან სასაქონლო ბირჟა უფრო შეგვეფერება. სასაქონლო ბირჟა და საქონლით ვაჭრობა უფრო მომგებიანი იქნებოდა ჩვენნაირი ქვეყნისთვის პირველ ეტაპზე, რადგან ყველას სჭირდება პროდუქტის გემით წაღება თუ სხვა მარშრუტით, რომელიც საქართველოში ნამდვილად გაგვაჩნია. შესაბამისად, ვფიქრობ რომ პირველ ეტაპზე სასაქონლო ბირჟა უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ავტომატურად გაჩნდება კაპიტალის ბაზარი და ნულოვანი გარიგებებიც აღარ იქნება“, - ამბობს რატი ქირია.
დღევანდელ დღეს არსებული ლარი იმდენად უცნაურ პოზიციაშია. ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურება პირდაპირ კავშირში არის ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებასთან. ლარი მაშინ ძალიან გაუფასურდა დოლართან მიმართებით, როდესაც დოლარის ირგვლივ არაფერი იყო შეცვლილი. გარდა ამისა, დაფიქსირდა ქართული კომპანიების აქციების ფასის მნიშვნელოვანი კლება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მაშინ როდესაც როგორც იქნა მათ დააღწიეს თავი 10 ფუნტამდე ღირებულებას და ძალიან კარგად იზრდებოდნენ, მხოლოდ მაშინ დაიწყო მათი ვარდნა, როდესაც ეს კანონი გამოჩნდა.
ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ ლარის გაუფასურებას ველოდები, რადგან ახლა თუ ველით რომ აქტიური ტურისტული სეზონის გამო, ბევრი უცხოური ვალუტა შემოვა საქართველოში, რითაც დაბალანსდება ჩვენი ლარი, შემდეგ როდესაც ტურისტული სეზონი დამთავრდება, დაიწყება არჩევნებისთვის მზადება, ინვესტიციები დაიკლებს, ნაკლები იქნება ეკონომიკური აქტივობა და ამ კანონის ამოქმედებაც დაიწყება. შესაბამისად, ეს ყველაფერი არა მგონია დადებითად აისახოს ქართულ ლარზე.
ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება პირდაპირ კავშირშია საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე ქართული კომპანიების აქციების ფასზე, რადგან როცა შენ ქვეყანაში იღებ კანონს რომელიც ეწინააღმდეგება რაღაც პრინციპებს, განსაკუთრებით ევროპულს, პირველ რიგში დაფრთხებიან ინვესტორები, რადგან მათ არ უნდათ იმ კომპანიაში ჰქონდეთ ფული ჩადებული რომლის სათავო ოფისი საქართველოშია და იქ პრობლემა აქვთ ამ კომპანიის დამფუძნებლებს და მთლიანად სახელმწიფოს. მართალია, შეზღუდვები და სანქციები ნაკლებსავარაუდოდა ამ კონკრეტულ ბანკებს შეეხოს, მაგრამ ეროვნული ვალუტაზე აისახება. არცერთ ინვესტორს არ მოუნდება ფულის ჩადება ქვეყანაში, რომელსაც გაუგებრობა აქვს ევროკავშირთან და ამერიკასთან. ინვესტიციების ნაკლებობა გვაქვს და სამწუხაროდ ეს გაგრძელდება. ჩვენ თუ გვინდა ამ სანქციებს გავუძლოთ, ლარიზაცია უნდა გვქონდეს რაც შეიძლება ნაკლები.