პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც ალეხანდრო ჰაიდენბერგი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პარლამენტში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი.

„შეხვედრაზე საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე საკითხებს.

შეხვედრა საქმიან და პოზიტიურ გარემოში წარიმართა. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და კარგი ეკონომიკური ზრდა არის, რაც, მათი პროგნოზით, მომავალშიც გაგრძელდება. გამოითქვა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მზადყოფნა.

გასულ კვირას საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, რომელიც ხორციელდება სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში. მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის განხილვა“, – ნათქვამია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

1tv.ge