პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია Oracle-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ამერიკელი ბიზნესმენი ლარი ელისონი, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი პირველად გახდა. ამით Bloomberg-ის რეიტინგში ილონ მასკის, თითქმის, ერთწლიანი ლიდერობა დასრულდა.
სააგენტოს ცნობით, 81 წლის ელისონის ქონება ერთ დღეში 101 მლრდ დოლარით მას შემდეგ გაიზარდა, რაც Oracle Corporation-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. ეს Bloomberg Billionaires Index-ის მიერ დაფიქსირებული ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა.
კერძოდ, ელისონის ქონება 393 მლრდ დოლარს, მასკის კი 384 მლრდ დოლარს შეადგენს. ილონ მასკი უმდიდრესთა სიაში პირველ ადგილს ზედიზედ 300 დღეზე მეტხანს იკავებდა. ის პირველად რეიტინგს 2021 წელს ჩაუდგა სათავეში, შემდეგ ჯეფ ბეზოსთან და ბერნარ არნოსთან დამარცხდა, თუმცა გასულ წელს ლიდერობა დაიბრუნა.
Oracle-ის აქციები წლიურად უკვე 45%-ით გაიზარდა, ხოლო კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ბირჟის გარევაჭრობაზე ისინი კიდევ 26%-ით გაძვირდა. ეს 1999 წლის შემდეგ კომპანიის აქციების ფასის ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა.
თუმცა, Forbes-ის სიაში ილონ მასკი კვლავ პირველ ადგილზე რჩება: მისი ქონება 439.4 მლრდ დოლარად, ხოლო ელისონის 399.2 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, ლარი ელისონი Forbes-ის მილიარდერთა სიაში მეოთხე ადგილს იკავებდა, მისი სუფთა ქონება კი 192 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.