საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებული SIBOS-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში SWIFT-ის რეგიონულ დირექტორსა და სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა SWIFT-თან თანამშრომლობის მთავარი თემები განიხილეს, მათ შორის SWIFT_ის ძირითადი პროდუქტების საქართველოში დანერგვის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საგადახდო სისტემების გაუმჯობესების მნიშვნელობას და მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის კომერციული ბანკების ISO 20022-ის დანერგვის საკითხს და ამ მიმართულებით გამართულ ერთობლივ ტრენინგებს.
თავის მხრივ, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადახდო ბაზარმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც ინოვაციური პროდუქტების სწრაფი დანერგვითაა განპირობებული.
„აქტიურად ვავითარებთ საგადახდო სისტემებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს ფინანსური ინფრასტრუქტურის თავსებადობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ ძალისხმევის ფარგლებში ვახორციელებთ ქვეყნის ძირითადი, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მოწინავე დონეზე განახლებას. განახლების შედეგადაც მივიღებთ კიდევ უფრო ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ ფუნქციონალურად გამდიდრებულ და ტექნოლოგიურად მეტად დახვეწილ სისტემას.
ასევე ხელს ვუწყობთ სხვადასხვა ინოვაციური საგადახდო სერვისის განვითარებას. მათ შორისაა სრულიად ახალი მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვა, რომელიც იმუშავებს 24/7/365 რეჟიმში და უზრუნველყოფს ფულადი სახსრების გადამხდელის ანგარიშიდან მიმღების ანგარიშზე დაუყოვნებლივ ჩარიცხვას, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა SWIFT-ის რეგიონულ მენეჯერსა და სხვა წარმომადგენლებს SWIFT-ის ეროვნული წევრი ჯგუფების შეხვედრის თბილისში ორგანიზება შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე, მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება, რაც პირველი შემთხვევაა სებ-ის პრეზიდენტების ისტორიაში.
ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს