საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც კომერციული  ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

განიხილეს ღია ბანკინგთან და მისი განვითარების პროცესთან დაკავშირებული რეგულაციები და დაზუსტებები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს კანონს საბანკო კონკურენციას და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“. საბანკო ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მომხმარებელთა უფლებების დაცვა იყო. 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი შეხვედრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი შეფასებით, საბოლოო ჯამში, ეს ხელს შეუწყობს ბანკების მომხმარებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და ეკონომიკის განვითარებას.

საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას კომერციულ ბანკებთან ერთად,  სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ასევე ეროვნული ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.