ბირჟის ოპერატორი Nasdaq-ი, $10,5 მლრდ-ად ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Adenza-ს ყიდულობს, რომელიც Thoma Bravo-ს ეკუთვნის. შეთანხმება Nasdaq-ის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენი იქნება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
Nasdaq Adenza-ს ყიდულობს, რათა ტექნოლოგიებზე უფრო ორიენტირებული კომპანია გახდეს. Nasdaq-მა, ისევე როგორც მისმა კონკურენტებმა, კომპანიების „აგრესიული“ ყიდვა თავისი ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური საკუთრების პორტფელის დივერსიფიკაციისთვის მას შემდეგ დაიწყო, რაც 2005 წელს რეგულატორებმა საფონდო ვაჭრობის ბაზარი ბროკერების კონკურენციისთვის გახსნეს.
მას შემდეგ Nasdaq-მა 2007 წელს 3,7 მლრდ დოლარად იყიდა სკანდინავიური ბირჟა OMX-ის მფლობელი, 2016 წელს საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე 1,1 მლრდ დოლარი დახარჯა და 2020 წელს 2,75 მლრდ დოლარად ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა Verafin შეიძინა.
Adenza-ს პროგრამული უზრუნველყოფა ძირითადად ბანკებისა და ბროკერების მიერ გამოიყენება და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ Nasdaq-ის მიერ კომპანიის შესყიდვის გარიგება მას საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის მიღმა დივერსიფიკაციაში დაეხმარება.
გარიგების ფარგლებში, Thoma Bravo Nasdaq-ის 14,9%-იან წილს მიიღებს, რაც კერძო ინვესტიციის ფირმას აქციების ოპერატორის ერთ-ერთ უმსხვილეს აქციონერად აქცევს. როგორც Reuters-ი წერს, Thoma Bravo-ს მმართველი პარტნიორი ჰოლდენ შპეტი, სავარაუდოდ Nasdaq-ის დირექტორთა საბჭოში დაინიშნება.
ხელშეკრულება მარეგულირებელი ორგანოს დამტკიცებიდან 6-9 თვეში დაიხურება.
შეთანხმება 5,75 მლრდ დოლარს და Nasdaq-ის 85,6 მლნ აქციას მოიცავს.
Nasdaq-ი ასევე გეგმავს 5,9 მლრდ დოლარის ოდენობის ვალის გამოშვებას. კომპანია მოელის, რომ Adenza-ს შეძენა, ორ წელიწადში, დადებითად იმოქმედებს მის მოგებაზე თითო აქციაზე.