ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის განცხადებით, „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
„მთავარი ისაა, რომ მუშაობას ვაგრძელებთ და ვცდილობთ, გარიგება მოვარგოთ ეროვნული ბანკის მოთხოვნებს“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელმა BMG-ს იმ კითხვის პასუხად, რომელიც გარიგების, გარკვეულწილად, გაჭიანურების მიზეზებს შეეხებოდა.
BMG-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ერთ-ერთი შეუთანხმებელი საკითხი გარიგების ღირებულებაა, რაც ირაკლი რუხაძემ ირიბად დაადასტურა კიდეც.
„ეს უფრო შედეგია, ვიდრე მიზეზი. მიზეზი კი ის არის, რომ ეროვნულმა ბანკმა „ბაზისბანკს“ დაუწესა რაღაც შეზღუდვები და წინაპირობები, რის გამოც გარიგება გაიწელა... მაგალითად, დოკუმენტაცია, განსაკუთრებით ჩინეთიდან, არ იყო მარტივი შესაგროვებელი. ამას მოჰყვა სხვადასხვა გართულება. ერთ-ერთი ისიცაა, რომ „ლიბერთი“ გაიზარდა ამ დროის განმავლობაში და ის გარიგება, რომელიც წლის დასაწყისში გავაკეთეთ, დღეს სხვანაირად გამოიყურება, თუმცა გარიგებაზე მუშაობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
ცნობისთვის: სებ-მა უკვე შეისწავლა, თუ რა გავლენა ექნება კონკურენტულ ბაზარზე “ბაზისბანკის” მიერ “ლიბერთი ბანკის” შესყიდვას. ეროვნული ბანკის შეფასებით, ეს ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ეფექტის მქონე არ იქნება. თუ გარიგება შედგება, საბანკო სექტორში ჩამოყალიბდება ბანკი, რომლის ჯამური აქტივების მოცულობა მთლიანი სისტემის 10% იქნება.
ვის ეკუთვნის და რა ზომისაა "ლიბერთი ბანკი"
"ლიბერთი ბანკი" უკვე მრავალი წელია საქართველოს რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5.45 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3.9 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წლის 4 თვეში 40 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.
რაც შეეხება "ბაზისბანკს", ბანკი ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" საკუთრებაშია. ის აქტივების ზომით, ანუ 4 მილიარდი ლარით საქართველოს რიგით მეოთხე ბანკია, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდი ლარია. ბანკს 2025 წლის 4 თვეში 31 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.