მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის ნებართვების დიდი ნაწილი კორუფციული გზით არის დარიგებული, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც ელიტარული კორუფციის შემთხვევებს ავლენს.

TI-ს ინფორმაციით, მხოლოდ 29 ასეთი ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ნათესავს, ბიზნესმენ კოკა კოკოლაშვილს აქვს მიღებული. მიმოხილვაში ასევე წერია, რომ ჰესების ნებართვები აქვთ მიღებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ოჯახის წევრებს და „ქართული ოცნების“ კიდევ რამდენიმე წევრსაც.

TI სამშენებლო ნებართვების კორუფციული გზით გაცემაზეც მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ამგვარად სამშენებლო ნებართვები მასობრივად გაიცემა, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, რის შედეგებსაც ამ ქალაქების მცხოვრებლები ყოველ დღე ხედავენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მხოლოდ ბოლო 5 წელში აღრიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17მოსამართლე და 67 მუნიციპალური მაღალჩინოსანი.

რაც შეეხება, სახელმწიფო შესყიდვების გზით, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებზე ₾5 მილიარდი ლარის გაცემას, TI-ს დათვლით: აქედან 3.3 მილიარდი ლარი რეგიონებზე მოდის, ამ თანხის მესამედი კი – 1 მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი 2024 წელს დაიხარჯა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა. ორგანიზაცია კორუფციის რამდენიმე შემთხვევას გამოყოფს:

- 650 მლნ ლარი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის ოთარ თათეშვილის კომპანიამ მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან, მას შემდეგ რაც მან ივანიშვილს აბასთუმანში სახლის ასაშენებლად მიწა მიჰყიდა.

- 390 მლნ ლარის ტენდერები მიიღო ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავის კომპანია "სერპანტინმა" 2013-2025 წლებში.

- 392 მლნ ლარი "ქართული ოცნების" დეპუტატ გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2025 წლებში.

- 30 მლნ ლარი "ქართული ოცნების" დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან 2016-2024 წლებში.

- 25 მლნ ლარი "ქართული ოცნების" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან ბოლო 7 წელიწადში.

- 32 მლნ ლარი სენაკის მერის ვახტანგ გადელიასბიძის კომპანიებმა მიიღეს სენაკის მერიის სახელმწიფო შესყიდვებიდან 2021 წელს მერად მისი პირველად არჩევის შემდეგ.

- 25 მლნ ლარი მიიღეს ახალციხის 2021 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა, ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა მუნიციპალური შესყიდვებიდან 4 წლის განმავლობაში.

- 2.2 მილიონი ლარი მიიღეს ადიგენის თვითმმართველობის 10-მდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ამავე მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 2017-2025 წლებში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ინფორმაციით, 2024-2025 წლებში, თანამდებობის პირებმა მიღებული საჩუქრების სახით 34 მილიონი ლარი დაადეკლარირეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სუბსიდიების, აგროპროგრამებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით  ე.წ. „ატკატების“ კორუფციულ სქემებზეც წერს:

- 71 მლნ ლარი "ქართული ოცნების" შემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს სახელმწიფო აგროპროგრამებიდან. სანაცვლოდ ამ კომპანიებმა პარტიას 7.7 მლნ ლარი დაუბრუნეს შემოწირულების სახით. ამ თანხის დიდი ნაწილი – 56 მლნ ლარი – ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორზე ვახტანგ კარიჭაშვილზე მოდის.

- 30 მლნ ლარი 2022 წელს რთველის სუბსიდიის პროგრამიდან მიიღეს "ქართული ოცნების" წევრებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა.

- 7.4 მლნ ლარი მიიღეს "აწარმოე საქართველოს" პროგრამიდან იმ კომპანიებმა, რომლებმაც "ქართულ ოცნებას" 2024 წელს 1.6 მლნ ლარი დაუბრუნეს შემოწირულების სახით.

- 1 მილიარდ 28 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს "ქართული ოცნების" შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020-2024 წლებში გამართული არჩევნების დროს. სანაცვლოდ, მათ "ქართულ ოცნებას" 7.7 მილიონი ლარი შეწირეს.

- მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის ნებართვების დიდი ნაწილი კორუფციული გზით არის დარიგებული. მხოლოდ 29 ასეთი ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ნათესავს, ბიზნესმენ კოკა კოკოლაშვილს აქვს მიღებული. ჰესების ნებართვები აქვთ მიღებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით სონღულაშვილის ოჯახის წევრებს და "ქართული ოცნების" კიდევ რამდენიმე წევრს.

- კორუფციული გზებით მასობრივად გაიცემა სამშენებლო ნებართვები, განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმში, რის შედეგებსაც ამ ქალაქების მცხოვრებლები ყოველ დღე ხედავენ. მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული კორუფციული გამოძიებები მედიაში მრავლად მოიპოვება.

- ირაკლი ღარიბაშვილისა და დავით ნარმანიას შემთხვევები მიანიშნებს, რომ თანამდებობის პირები გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებების გამოყენებით მარტივად იგდებენ ხელში ტყეებს პირადი სარგებლობისთვის.

- 2013-2020 წლებში, სახელმწიფო ქონება 13 მილიონ ლარად გაიყიდა ისეთ პირებზე, რომლებმაც ქონების მიღებიდან მალევე მმართველ პარტიას 2 მილიონი ლარი დაუბრუნეს შემოწირულების სახით.

- მხოლოდ აჭარაში, 15 მილიონ ლარზე მეტი ქონება მიიღეს პრივატიზაციის სახით "ქართული ოცნების" შემომწირველებმა 2022-2024 წლებში.

- დღემდე დამალულია 2021-2023 წლებში მთავრობის მიერ მიღებული 300-ზე მეტი განკარგულება, რაც სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით, ხშირად სიმბოლურ 1 ლარად, გადაცემას ეხებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციითვე, სავარაუდოდ 100 მლნ დოლარამდეა ის პოტენციური ზარალი, რაც საქართველოს ბიუჯეტმა ნახა ბიძინა ივანიშვილზე მორგებული ე.წ. „ოფშორების კანონის“ მიღების შედეგად, რამაც ივანიშვილისთვის შესაძლებელი გახადა გადასახადების გადახდის გარეშე შემოეტანა ქვეყანაში ძვირად ღირებული ფერწერული ტილოების კოლექცია და სხვა აქტივები.