საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 23 ივლისს გამოსცა განკარგულება, რომლითაც თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ჩართულობის ხელშესაწყობად მუნიციპალიტეტებს მისცა 20 მილიონი ლარი. დოკუმენტში კონკრეტულად არ ჩანს, რა მიზანს მოხმარდება ეს 20 მლნ ლარი, ან როგორ და რით, რაზე დაყრდნობით საბუთდება, რომ მინიციპალიტეტებს წინასაარჩევნოდ სჭირდებათ 20 მლნ. ლარი „ჩართულობის ხელშესაწყობად“? ერთადერთი, რაც აშკარაა, არის ის, რომ ფულის გახარჯვაზე გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად მუნიციპალიტეტის მერი მიიღებს.

"მთავრობის დადგენილება უშვებს ტენდერების გარდა გამარტივებულ შესყიდვასაც: „პროექტ(ებ)ის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ შესაბამისი პროცედურების განხორციელება სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებლად,“ – ვკითხულობთ განკარგულებაში.

თითოეულ მუნიციპალიტეტს თანხა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ეძლევა, მაგალითად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 298 249 ლარს მიიღებს, გორი – 891 409 ლარს. თუ ლანჩხუთისთვის გამოყოფილ თანხას ამავე მუნიციპალიტეტებში სოფლების რაოდენობაზე გავყოფთ, გამოდის, რომ გორში ერთ სოფელში საშუალოდ 7428 ლარი დაიხარჯება [გორის მუნიციპალიტეტში სულ 120 სოფელია], ლანჩხუთის სოფლებში კი, საშუალოდ 5523 ლარს [ლანჩხუთში სულ 54 სოფელია] უნდა ელოდნენ.

ქუთაისზე 1 029 574 ლარია გათვალისწინებული, სამტრედიაზე – 405 765, ზუგდიდზე – 764 328, ახალქალაქზე – 383 779 ლარი.

განკარგულების მიხედვით, 20 მილიონიდან არაფერი ერგება თბილისის, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის, აჟარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულს მუნიციპალიტეტებს.

მაინც რას მოხმარდება  20 მილიონი მუნიციპალიტეტებში?

განკარგულების მიხედვით, „თანხა უნდა მოხმარდეს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილებების გათვალისწინებით, იმ პროექტ(ებ)ის განხორციელებას, რომელიც შეირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლ(ებ)ის მეშვეობით, მოქალაქეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, მუნიციპალიტეტის მერისთვის წარდგენილი წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

პროექტ(ებ)ის შერჩევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.

თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი.

თანადაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამავე განკარგულების დანართით შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის 200 პროცენტს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახდენს ინფორმაციის შესწავლას, ანალიზს და შესაბამის ინფორმაციას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივნისისა,“ – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

პოლიტიკურ სპექტრში ეს ეჭვებს აჩენს, კერძოდ, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს არის ფული პარტიული აქტივისთვის.

პოლიტიკური ოპოზიციის გარდა, მთავრობის ახალ განკარგულებაში ამომრჩევლის მოსყიდვის რისკებს ხედავენ სამოქალაქო ორგანიზაციებიც, რომლებიც საარჩევნო გარემოს აკვირდებიან.

რა პროპორციით ნაწილდება თანხის ზუსტი ოდენობები მინიციპალიტეტებზე იხილეთ ცხრილში: