2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, ქვეყნის საგადასახადო შემოსავლები მომავალ წელს 24.4 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც 2024 წლის განახლებულ პროგნოზთან შედარებით 1.5 მლრდ ლარით მეტია.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა, მშპ-სთან მიმართებით 2025 წელს საგადასახადო შემოსავლები 25,1%-ს შეადგენს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნებულია მშპ-ს 25%-ის ფარგლებში.
საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით ასეთია:
- საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 7,8 მლრდ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 7 მლრდ 175.5 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 624,5 მლნ ლარს. მშპ-სთან მიმართებით საშემოსავლო გადასახადი შენარჩუნებულია 2024 წლის დონეზე და 8%-ს შეადგენს;
- მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2,9 მლრდ ლარით. მისი მოცულობა მშპ-სთან მიმართებით მცირედით შემცირებულია და 3%-ს შეადგენს.
- დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 9,95 მლრდ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 8 მლრდ 59,5 მლნ ლარს, ხოლო 6 მუნიციპალიტეტების წილი - 1 მლრდ 890,5 მლნ ლარს. მშპ-სთან მიმართებით დღგ-ს წილი შენარჩუნებულია 2024 წლის დონეზე და შეადგენს 10,2%-ს;
- აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2,52 მლნ ლარის ოდენობით. მშპ-სთან მიმართებით აქციზის მოცულობა ოდნავ შემცირებულია 2024 წელთან შედარებით და შეადგენს 2,6%-ს.
- იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 150 მლნ ლარით;
- ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 700 მლნ ლარს;
- სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 380 მლნ ლარით.