ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება, იმას გულისმხობს, რომ მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავლები ლარში აქვთ 500 000 ლარამდე სესხს სხვა ვალუტაში ვერ აიღებენ. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა.

საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ აქტიურად ადევნებენ თვალყურს დეპოზიტების დოლარიზაციის დინამიკას, რომლის დონეც ოქტომბერში არსებული გაურკვევლობის ფონზე გაიზარდა და ფინანსურ სისტემაში ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობის დაგროვებას შეუწყო ხელი.

სერ-ში განმარტავენ, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში რომ არ გადაიზარდოს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.