ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციებში არანაირი დარღვევები არ არის. რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, მონიტორინგი სამივე სუბიექტმა გაიარა.

,,მონიტორინგი გაიარა ყველამ - გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი. ყოველწლიურად გადის ეს ხალხი მონიტორინგს, მათ დეკლარაციებში არანაირი დარღვევები არ არის და სრულ თანხვედრაში მოდის", - აცხადებს რაჟდენ კუპრაშვილი.

ჟურნალისტებმა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს ჰკითხეს გამოავლინა თუ არა ბიურომ დარღვევა პატიმრობაში მყოფი რომეო მიქაუტაძის დეკლარაციაში, რაზეც რაჟდენ კუპრაშვილმა უპასუხა: "კი, კი. როდის ჩავაყენე საქმის კურსში [საგამოძიებო უწყებები], როდის იყო ეს, მე არ მინდა კონკრეტულ ქეისთან დაკავშირებით...[ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა] 2023 წლის მაისიდან გადმოვიდა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში. 2023 წლის მონიტორინგში მოხვდა ბატონი რომეო მიქაუტაძე და ჩვენი მხრიდან, უარყოფითად იქნა შეფასებული მისი ქონებრივი დეკლარაცია. ეს არის მოცემულობა. ახლა, ვის როდის და როგორ შევატყობინე... მე მაქვს ის ინფორმაცია, რაც ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე ჩვენთვის ხდება ცნობილი", - განაცხადა კუპრაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას - შეისწავლა თუ არა ბიურომ თორნიკე რიჟვაძის დეკლარაცია? ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი პასუხობს: "ასე ზეპირად არ მახსოვს".

 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებს, რომ როდესაც საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, ივანიშვილმა კანონის შესაბამისად წარადგინა ქონებრივი დეკლარაცია და მის მიერ ვალდებულება შესრულებულია.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კანონის შესაბამისად იყო წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაცია, როცა საპარლამენტო არჩევნები დაიწყო და ეს ვალდებულება მისი მხრიდან შესრულდა. რაც შეეხება მონიტორინგს, არ მოხვედრილა მონიტორინგში,“ - განაცხადა კუპრაშვილმა.

ჟურნალისტებმა კუპრაშვილს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეც ჰკითხეს, სადაც ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის შიგნით კორუფციულ შემთხვევებზე მიანიშნა. ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არ იცის, ვის შეიძლება გულისხმობდეს პრემიერი.

„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ის, რაზეც მას აქვს კომპეტენტური უწყებებისგან შესაბამისი ინფორმაცია. მე მეტის თქმის საშუალება არ მაქვს. ჩვენი ანგარიშები ყველასათვის ხელმისაწვდომია, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის და სახელმწიფო უწყებებისთვის. ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შესახებ ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება და ჩვენი მიგნებები, გამოვლენები, მათ შორის, პოლიტიკური კორუფცია, ხვდება იქ.“- განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.