ანალიტიკოსი, კაპიტალის ბაზრის ექსპერტი, მარინა გულედანი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა, მოსალოდნელი იყო.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სასურველი იქნებოდა აღნიშნული განაკვეთი სებ-ს დაეწია, თუმცა წნეხის გამო ამის გაკეთების შესაძლებლობა არა აქვს.
“მე არ გამკვირვებია და არც არავის გაუკვირდა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იგივე დარჩა. იმ პირობებში, რაც საქართველოშია სასურველი იქნებოდა, ეს განაკვეთი ჩამოიწიოს, მაგრამ ჩვენ იმპორტირებული ინფლაციის წნეხი გვაქვს და ეროვნულ ბანკს ეს ფუფუნება არა აქვს, რომ განაკვეთი ჩამოწიოს.
გაურკვევლობიდან გამომდინარე ეროვნული ბანკი მუდმივად მზად უნდა იყოს, გარე გავლენებსაც გაუმკლავდეს და მონეტარულ პოლიტიკაში გამოხატოს ის სწორი პოზიცია, რომელიც ფინანსურ და ფასების სტაბილურობას მიაღწევს. ეკონომიკას სჭირდება [მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის] ჩამოგდება, რომ სტიმულირება მოხდეს, მაგრამ ინფლაციური წნეხის არსებობის პირობებში ამის შესაძლებლობა სებ-ს არა აქვს. ანუ ინფლაციის უფრო ეშინია, რადგან კონფლიქტური პროცესები მიმდინარეობს და არჩევანი, რომ რომელიმე ერთ სასურველ შედეგზე გავიდეს არა აქვს, რადგან სხვა რაღაც დაზარალდება", - განაცხადა მარინა გულედანმა.