მედეა, მითოლოგიური კოლხი ქალი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რჩება როგორც წარსულის, ისე ცოცხალი იდეებისა და ღირებულებების სიმბოლოდ. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სწორედ მედეა ეხმარება იასონს ოქროს საწმისის მოპოვებაში, არღვევს მამის, მეფე აიეტის ბრძანებებს და არგონავტების წარმატების მთავარი მიზეზი ხდება. თუმცა, ამ გზას მსხვერპლი ახლავს, მედეა ტოვებს საკუთარ სახლს, ოჯახსა და სამშობლოს.
ამიტომაც ის ერთდროულად გმირიც არის და ანტიგმირიც. ერთი მხრივ, ცოდნის, სიძლიერის, ჯადოსნური უნარებისა და თავისუფლების სიმბოლოა. მეორე მხრივ, მოღალატე, შურისმაძიებელი და დაუნდობელი ქალის სახე. ფილმებში, წიგნებში, თეატრალურ დადგმებსა თუ ფერწერულ ნამუშევრებში ხშირად ამოვიცნობთ მედეას შთაგონებით შექმნილ პერსონაჟს. ამჯერად კი, მისი სახე ფოთში გაცოცხლდა. ქალაქში, რომელიც თავადაც არგონავტების ისტორიის ნაწილია.
ამ მისტიური ქალის ისტორიიდან და სიმბოლიკიდან დაიბადა „მედეას მემკვიდრეობა“, “ნიკოს” და საქართველოს ბანკის კოლაბორაციით კი შეიქმნა ახალი კედელი ფოთში. Masholand-ის ნამუშევარი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და ქალაქის ურბანულ ნაწილს განსხვავებულ იერსახეს სძენს. ნახატში მეორდება ფოთისთვის დამახასიათებელი პეიზაჟი, თოლიები, ფლორა და ფაუნა, მედეა და ოქროს საწმისი. თუმცა ვიზუალური შთაბეჭდილების მიღმა, ნამუშევარი ბევრად ღრმა გზავნილს ატარებს:
“ეს კედელი საკმაოდ მრავალშრიანია. ვიღაცამ შეიძლება მხოლოდ პეიზაჟი დაინახოს, მაგრამ ჩემთვის მთავარი მედეასა და უმაღლესი ქურუმის გაერთიანების იდეაა. მინდოდა მითოლოგიური თემატიკა ახალ სივრცეში, თანამედროვე მედიუმის საშუალებით გადმომეცა, რომელიც შემახსენებელი იქნებოდა, რომ მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია არა როგორც დრო, რომელზეც უნდა შევჩერდეთ, არამედ როგორც საძირკველი, რომელზეც შეიძლება ახალი ავაშენოთ,“ - გვიყვება არტისტი.
ფოთში შექმნილი ახალი კედელი მხოლოდ შინაარსით არ არის გამორჩეული. მისი შექმნის პროცესი არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა.
„კედლის სტრუქტურამ სამუშაო დრო მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა. დღეში 10-11 საათი ვმუშაობდი, მაგრამ სტანდარტულ პროექტთან შედარებით, ორი დღით მეტი დამჭირდა. ამას დაემატა ქარი და წვიმაც. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მაინც მივედი იმ შედეგამდე, რაც ჩანაფიქრში მქონდა“ - ამბობს მაშო.
მაშო მარგიშვილი, იგივე Masholand, მულტიდისციპლინარული ხელოვანია- დიზაინერი, ილუსტრატორი და მხატვარი, რომლის ნამუშევრები უკვე წლებია როგორც ციფრულ, ისე ურბანულ სივრცეებში გვხვდება. ინტერიერის კედლებზე ხატვა 2014 წელს დაიწყო, მალევე გარე სივრცეების ათვისებაზე გადავიდა. ხოლო 2018 წელს, “ნიკოს” პირველი ფესტივალის ფარგლებში, სპეციალურად ამ პროექტისთვის ესტონეთიდან ჩამოვიდა და პეტრიაშვილის ქუჩაზე, გამორჩეულად ფერადი ნახატი შექმნა.
კითხვაზე, თუ რა არის მისი შთაგონების წყარო, მაშო შემდეგს გვპასუხობს:
„ყველაზე ხშირად შთაგონება მოგზაურობისას მოდის. უმეტესად თემა, რომელსაც ვეხები, უშუალოდ იმ ადგილთანაა დაკავშირებული, სადაც იმ მომენტში ვიმყოფები. მგონია, რომ ახალიშთაბეჭდილებები, განსხვავებული კულტურისა დაადგილების აღმოჩენა ინსპირაციისთვის აუცილებელია.”
“მედეას მემკვიდრეობა“ მხოლოდ ერთი ნახატი არ არის. ის ერთ-ერთია იმ 200-ზე მეტი კედლიდან, რომლის გარდაქმნაზეც “ნიკომ” იზრუნა.
პროექტი „ნიკო“, რომელიც 2019 წლიდან საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, გაცილებით მეტია, ვიდრე კედლებზე დატოვებული ფერები. წლების განმავლობაში, „ნიკოს“ არტისტებმა საქართველოს არაერთ ქალაქში დატოვეს კვალი და დაამტკიცეს, რომ ხელოვნება შესაძლებელია იყოს ყველგან.