„დღეს 2 ოქტომბერია, ზუსტად 30 წლის წინ, 1995 წლის ამ დღეს ლარი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. გასული სამი ათეული წელი სავსე იყო მიღწევებით და გამოწვევებით. ამ პერიოდში ლარმა თავისი მთავარი ფუნქცია შეასრულა - ყოფილიყო სანდო და სტაბილური ვალუტა ეკონომიკური ურთიერთობებისა და მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ლარი თითოეული ჩვენგანისთვის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლოა. იგი ღირსეულად აგრძელებს ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას, რომელიც კოლხური თეთრით დაიწყო და საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ცივილიზაციისა და მდიდარი ეკონომიკური წარსულის ნათელი დადასტურებაა. ქართული ფულის სახელწოდებაც ჩვენი ისტორიიდან მოდის - „ლარი“ - ქონების, განძის, სიმდიდრის გამომხატველი სიტყვაა.
ლარის შემოღება იყო საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა ქვეყნის განვითარების ისტორიაში. ლარი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. ამასთან, იგი დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის განხორციელების ქვაკუთხედია. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის კვალდაკვალ, დასაბამი მიეცა ქვეყანაში დამოუკიდებელ ფულად და საკრედიტო სისტემას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ამავე წლის 2 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები - „ეროვნული ბანკის შესახებ“, „ფულად-საკრედიტო რეგულირების შესახებ“ და „ბანკების და საბანკო საქმიანობის შესახებ“. სწორედ ამ პერიოდიდან ოფიციალურად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ქართული ვალუტის დიზაინის, სახელწოდებისა და ტექნიკური პარამეტრების შესაქმნელად. ამ პროცესში არ შეიძლება მადლიერებით არ აღვნიშნოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა და დახმარება. სსფ დღემდე რჩება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორად.
ლარმა უპირველესად, სტაბილურობა მოგვიტანა. მეორე მხრივ, განამტკიცა ჩვენი სუვერენიტეტი. შემდგომ ის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მონაპოვარი. ახლა დროა, ახალი თავი დაიწეროს ჩვენს ისტორიაში და ეს დამოკიდებული იქნება იმ ქმედებებზე, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. დამოკიდებული იქნება ქართველი ხალხის ნდობაზე. მიხარია, რომ ეკონომიკური სტაბილურობის ფონზე, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც უდავოდ დიდ როლს ასრულებს ლარიზაციის თანმიმდევრული პოლიტიკა, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და საზედამხედველო მიდგომები, რომელთაც ეროვნული ბანკი ატარებს. ხელშესახები შედეგიც სახეზეა - თუ ათწლეულების წინ დეპოზიტების 70%-80% უცხოურ ვალუტაში იყო განთავსებული, დღეს დეპოზიტების თითქმის ნახევარი ლარშია (50%), ჩვენი ქვეყნის რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაცია კი კიდევ უფრო მეტად - 57%-მდეა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წელი ეროვნულმა ბანკმა არაერთი ღონისძიებით და აქტივობით აღნიშნა - ვუმასპინძლეთ მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს, განვაახლეთ სამეცნიერო - ანალიტიკური ჟურნალის გამოცემა, მოიჭრა 5 ლარის ნომინალის ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ - ნიკელის საკოლექციო მონეტები და გამოვუშვით 50 ლარის ნომინალის საიუბილეო ბანკნოტი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ინიციატივით საქართველოს ფოსტამ გამოუშვა თემატური საფოსტო მარკა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი მოამზადა დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის იასონ ლორთქიფანიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. წელს ეკონომისტის დღე საქართველოში ტრადიციულად კონფერენციით აღნიშნა, რომელიც ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ლარის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, წლის ბოლომდე სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ლარის 30 წლის იუბილეს სრულიად საქართველოს. ყველას, ვინც ჩართული იყო ფულის რეფორმის განხორციელების პროცესში. მათ, ვინც მოამზადა ქართული ლარის შემოღების ეკონომიკური საფუძვლები და მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ქართული სახელმწიფოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს