ლარის მყისიერ გაუფასურებას არ ველოდებით, არც უნდა ველოდოთ. ერთადერთი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ამერიკული დოლარის გლობალური გამყარება, ე.წ ტრამპის ეფექტი, ამას ვერსად გავექცევით, რადგან ჩვენ ღია ტიპის ეკონომიკა ვართ და დოლარის გაცვლითი კურსი და პოზიციები ჩვენზე არ არის დამოკიდებული, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ბიზნეს პარტნიორის“ ეთერში, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვას.
„[შიდა წნეხი დიდ გავლენას დღეს ვერ ახდენს [ლარის კურსზე]. რა თქმა უნდა, მათ შორის ნეგატიური გაშუქების გამო თუ რომელიმე ტურისტულმა ჯგუფმა გააუქმა აქ ჩამოსვლა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს.
გლობალურად გამყარდა დოლარი ყველა ვალუტასთან მიმათებით, მათ შორის, ლართან, მიუხედავად ამისა, თუ შევადარებთ ნოემბერს და დეკემბერს, სულ 5-6% არის ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებით, რაც საერთოდ არ არის კრიტიკული, განსხვავებით საარჩევნო პერიოდისა, როდესაც იყო გაუარესებული მოლოდინები და ძალიან ხისტი მოთხოვნა დოლარზე და რისკი, რომ მყისიერად გაუფასურებულიყო ლარი, ამიტომ მოგვიწია კიდეც ჩარევა.
ახლა ლარი საკმაოდ ჯანსაღად მერყეობს გარკვეულ დიაპაზონში. პირობითად ეს კვირა რომ ავიღოთ, ორშაბათს და სამშაბათს გამყარდა, გუშინ ცოტათი გაუფასურდა, დღეს ისევ გამყარდა და ასე შემდეგ“, - აღნიშნა მან.