2023 წლის პირველ კვარტალში გაცვლითი კურსი კვლავ გამყარებას განაგრძობდა: ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით აშშ დოლართან 3.5%-ით გამყარდა, თუმცა ევროს მიმართ უმნიშვნელოდ, 1.6%-ით გაუფასურდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ლარი გამყარებას განაგრძობდა თურქულ ლირასთან (4.8%) და რუსულ რუბლთან (17.3%). ამავე პერიოდში, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 4.7%- ით, ხოლო წლიურად კი 25.3%-ით გამყარდა.

რაც შეეხება ფასების დონის დიფერენციალით დაკორექტირებულ გაცვლით კურსს, 2023 წლის პირველ კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 1.7%-ით და წლიურად 15.6%- ით გამყარდა. ლარის რეალური კურსის წლიური გამყარება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებამ განაპირობა.

თუმცა, ამის საპირისპიროდ, ნომინალური გამყარებით შემცირებულ კონკურენტუნარიანობას ნაწილობრივ აბალანსებდა ის ფაქტი, რომ და საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე სავაჭრო პარტნიორებში. ანალოგიურად მომავალი პერიოდებისთვისაც, ლარის რეალური გამყარებით ეკონომიკის დაკარგული კონკურენტუნარიანობის აღდგენა შესაძლებელია არამხოლოდ ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის გაუფასურებით, არამედ, ასევე, სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით საქართველოში ინფლაციის მეტად შემცირებით“, - აღნიშნულია სებ-ის მიმოხილვაში.

აღსანიშნავია, რომ, ბოლო მონაცემებით, რეალური გაცვლითი კურსის გამყარება ფიქსირდება ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უმეტესობასთან.