მკვეთრად გაუფასურებული ლარი საკმაოდ სწრაფად მყარდება. პოლიტიკური მოვლენებისადმის ყველაზე მგრძნობიარე მიმართულება ეტაპობრივად სტაბილურდება, მთავრობაში ითქვა, რომ ეროვნულ ვალუტას არანაირი საფრთხე არ ელის. ამ მოსაზრებას ეკონომისტებიც იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური არეულობის დასრულებისთანავე, კურსი ისევ გამყარებისკენ წავა.
სავალუტო ბაზარზე გაუფასურების შემდეგ, უკვე გამყარების პროცესი დაიწყო. ლარმა ორ დღეში პოზიცია 7 თეთრით აღიდგინა და დღეს 1 აშშ დოლარი 2.81 ლარი ღირს, გუშინწინ კი 2.88 ლარი ღირდა.
მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ ეროვნული ვალუტა მალე დასტაბილურდება. სწორედ ამას გაუსვა ხაზი გუშინდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა და თან განაცხადა, რომ „რამდენიმედღიან ძალადობას შეუძლია მცირე რყევა გამოიწვიოს, მაგრამ ეს დროებითია".
„ასეთ რამდენიმედღიან ძალადობას შეუძლია მცირე რყევა გამოიწვიოს, მაგრამ ეს აბსოლუტურად დროებითია. ლარი დასტაბილურდება, როგორც ეს წინა რყევის შემთხვევაში მოხდა. რამდენიმე დღით შეიცვალა კურსი, თუმცა, შემდეგ პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა. აქაც იგივე იქნება, ლარიც დასტაბილურდება და ეკონომიკაც", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის პოზიციას იზიარებენ საბანკო სფეროს სპეციალისტები. მათი განცხადებით, ლარის გაუფასურება დროებითია და კურსი მალე დაუბრუნდება რეალურ ნიშნულს. ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა საბანკო სფეროს სპეციალისტმა, პროფესორმა ლია ელიავამ და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში კურსის დიდად ვარდნის საშიშროება არ არსებობს.
„ბოლო დღეებში მიმდინარეობს დიდი ოდენობით დოლარის შესყიდვა. ეს ჩვენი შიდა პრობლემაა. ახლა ბრუნვაში ძალიან ბევრი ლარი გამოდის და ეს იწვევს გარკვეულ გაუფასურებას. სხვა ფილოსაფია აქ არ დევს და ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ პროცესზე. როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდება, დასტაბილურდება ლარიც", - განაცხადა ლია ელიავამ „რეზონანსთან".
კითხვაზე, გაუფასურების შემდეგ რამდენად სწრაფად ხდება ლარის პოზიციების აღდგენა, ექსპერტმა უპასახუსა, რომ ამასთვის დაახლოებით 1-დან 3 კვირამდე პერიოდია საჭირო.
„ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, საჭიროა დაახლოებით 1-დან 3 კვირამდე პერიოდი. ეს იმ შემთხვევაში, თუ სხვა ფაქტორებმა არ იმოქმედა. სიტუაცია ყოველთვის იცვლება და შესაძლოა, შემდგომში სხვა გარემოებებმა იმოქმედოს, მაგრამ 1-3 კვირაში დასტაბილურდება სიტუაცია. სამწუხაროდ, ისევ ჩვენი ტედენციიდან გამომდინარე ლარი ძალიან იშვიათად უბრუნდება ზუსტად იმ ნიშნულს, საიდანაც დაიწყო ვარდნა, ანუ ოდნავ მომატებული, გაუფასურებული კურსი მაინც დარჩება.
როდესაც გაუფასურების მდორე პროცესი მიდის ეროვნული ბანკი ჩვეულებრივ აკვირდება სიტუაციას. სებ-ი ყველაფერს აკონტროლებს, ხედავს ლარის მასის ზრდას და ალბათ, მიაჩნია, რომ ეს არის დროებითი მოვლენა. როგორც კი შეწყდება ლარის მასის ზრდა, შემდეგ შეიძლება წავიდეს უკუპროცესი, ანუ ლარი გადაიყვანონ დოლარში და ამას მოჰყვება გამყარება.
ჯერჯერობით საჭირო არ არის სებ-ის მხრიდან ინტერვენციების განხორციელება, რადგან ეს რეზერვები იქნება ჰაერში გასროლილი და მას ეფექტი ნამდვილად არ ექნება, ამიტომ, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკი ან ძალიან გამწვავებული სიტუაციის შემთხვევაში გამოიყენებს თავის ხელთ ინსტრუმენტს ან დაელოდება პროცესების ბუნებრივ ჩაწყნარებას.
ყველაფერი დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესზე. რაც დღეს ქვეყანაში ხდება, დიდხანს ვერ გაგრძელდება. ზოგადად, ყოველთვის მუხტს გააჩნია ჩაცხრობის მიმართულება. ამიტომ, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ლარის კურსის დიდი ვარდნის საშიშროება არ არსებობს და თუ იქნება, ეროვნული ბანკი მიიღებს გარკვეულ ზომებს, კურსის შესაჩერებლად. ამ ეტაპზე პანიკის და ნერვიულობის საფუძველი არ გვაქვს", - დასძინა „რეზონანსთან" ლია ელიავამ.
საკუთარ პროგნოზზე ისაუბრა კიდევ ერთმა ფინანსისტმა. გიორგი ცუცუქირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახლანდელი რყევა დროებითია, ერთჯერადი ფაქტორიდან არის გამოწვეული, ამიტომ როდესაც მიტინგების ტალღა გადაივლის, კურსი ისევ სტაბილურობისკენ წავა".
ვრცლად: www.resonancedaily.com