ბიზნესმენ რესან ქიქავას შეფასებით, სამწუხაროდ, უკვე ფაქტია, რომ საქართველოში ავტორიტარიზმია.
„არანაირი განხილვა ამ საკითხს არ სჭირდება, რადგან არცერთი ინსტიტუტი არ გვაქვს დამოუკიდებელი - [ხელისუფლების ყველა შტო] ერთ ვერტიკალშია და როგორ შეიძლება სხვა რამე იყოს?! ავტორიტარიზმი გინება კი არ არის - ავტორიტარიზმი არის [პოლიტიკური მმართველობის] ფორმა, რომელიც აღმოსავლეთის, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაშია, დასავლეთში კი არ აქვს არცერთ ქვეყანას“, - განაცხადა რესან ქიქავამ 2025 წლის ბოლოს და ქვეყანაში არსებული კორუფციული გარემო და მართვის სტილი მკაცრად გააკრიტიკა.
„ჩვენ გვექნება ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელი ყველა პრობლემა - ეს არის კორუფცია, ეს არის კრიმინალი, ეს არის არაკომპეტენტურობა, ეს არის გაუმჭვირვალე ბიზნესი“, - ამბობს ის.
მისივე თქმით, კორუფცია არა - ცალკეული ჩინოვნიკების შეცდომა, არამედ იმ პოლიტიკური ვერტიკალის პროდუქტია, სადაც დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ არსებობს.
რესან ქიქავამ ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნა, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია ავტომატურად ნიშნავს კორუფციის ზრდას, რადგან კონტროლის ყველა მექანიზმი ქრება.
„შეუძლებელია, ავტორიტარიზმის პირობებში კორუფცია არ იყოს. ავტორიტარიზმისთვის დამახასიათებელია კორუფცია, ისევე როგორც დამახასიათებელია არაკომპეტენტურობა. თუ ძალაუფლება არის გაუწონასწორებელი და არ არის შეზღუდული, ამას მივყავართ ყველაფერი ცუდისკენ... საერთოდ ჩამოიშალა ეს ყველაფერი - ერთ ვერტიკალში მოექცა [ყველა ინსტიტუტი] და არ არსებობს, რომ აქ სწორი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს“, - თქვა ბიზნესმენმა.
რესან ქიქავას აზრით, კორუფციული მართვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი პროფესიონალიზმზე უარის თქმაა, რადგან სისტემას არა - სპეციალისტები, არამედ მორჩილი შემსრულებლები სჭირდება.
„ავტორიტარიზმისთვის ეს არის დამახასიათებელი - კომპეტენცია არ არსებობს. პროფესიონალიზმი გადატანილია მე-100 ხარისხზე. პირველ ადგილზე არის ერთგულება სისტემის მიმართ. თუ თავისუფლება არ გექნება, თუ სამართლიანი და კონკურენტული გარემო არ გექნება, მაშინ მოგვინდება ასეთი ტიპის ქვეყანაში ცხოვრება და ბიზნესის კეთება?! ალბათ ეს კითხვა უნდა დაუსვას ყველამ თავის თავს“, - ამბობს ის.
რესან ქიქავამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ კორუფციულ გარემოში ბიზნესი პირისპირ რჩება სახელმწიფოსთან, ყოველგვარი სამართლებრივი დაცვის გარეშე.
„როცა ძალაუფლება არის კონცენტრირებული ხელისუფლებაში, მას შეუძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ გადაწყვეტს ხელისუფალი, რომ ხვალ ეს ბიზნესი აღარ უნდა არსებობდეს, ის აღარ იარსებებს. არავინ არ არის შენი დამცველი, ფიზიკურად. არ არსებობს ავტორიტარიზმი, სადაც ადამიანის უფლებები არ ირღვევა - ერთი მეორეს აუცილებლად მიჰყვება“, - განაცხადა რესან ქიქავამ.
ბიზნესმენმა ისაუბრა იმ ფარულ პროცესებზეც, რომლებიც ეკონომიკაში სტატისტიკურ რიცხვებს მიღმა დგას. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში დიდი რაოდენობით „ნაცრისფერი“ ფული ტრიალებს, რაც სისტემურ კორუფციაზე მიუთითებს.
„ახლა ჩანს, რომ ეს შავი ფულის გათეთრება რამხელა პრობლემა ყოფილა... ფულის ძალიან დიდი ნაწილი ქვეყანაში არ ჩანს და არის ნაცრისფერ ეკონომიკაში. ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს იმაზე, რომ შეიძლება, ეკონომიკა ციფრებში ობიექტურადაც [იზრდებოდეს], მაგრამ რამდენად არის ეს გადანაწილებული საზოგადოებაზე და რამდენად მოაქვს ამას მდგრადი ეფექტი?!“, - კითხვას სვამს ბიზნესმენი.
ინტერვიუს დასასრულს, ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ერთადერთი გზა ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად „სამოქალაქო გულგრილობის დასრულებაა“, რადგან როცა რაღაც შენს მორალს და კანონს ეწინააღმდეგება, მოქალაქის ვალდებულებაა, ხმა აიმაღლო და ეს პროცესი შეაჩერო.
"სამოქალაქო გულგრილობას დავუსვამდი წერტილს" - აცხადებს რესან ქიქავა.