4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო [ასევე საუბნო] კომისიების ხარჯებმა ჯამში 9,1 მილიონი ლარი შეადგინა. სწორედ ეს თანხაა მითითებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] 10 ოქტომბრის დადგენილებაში. აღნიშნული ხარჯები ცესკოს მიერ თავიდან განსაზღვრულზე 1,4 მილიონით მეტია.
„2025 წლის ოქტომბერში გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ცესკომ დადგენილება თავდაპირველად 2025 წლის 11 მარტს მიიღო. მარტის დადგენილებით 73 ოლქისთვის ხარჯი ჯამში 7 763 585 ლარი იყო განსაზღვრული.
ცესკომ აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილება რამდენჯერმე შეიტანა, ბოლო ცვლილება არჩევნების შემდეგ – 10 ოქტომბერს შევიდა, რომლითაც საოლქო და საუბნო კომისიების ხარჯებისთვის ჯამში 9 173 299 ლარია გაწერილი [ანუ 1 409 714 ლარით მეტი, ვიდრე მარტში იყო განსაზღვრული]. აქედან, აჭარის 6 საოლქო კომისიისთვის ჯამში – 890 ათას 953 ლარი.
ეს არის მხოლოდ საოლქო კომისიების, ასევე საუბნო კომისიებისა და დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ხარჯები.
საქართველოს ბიუჯეტის კანონის მიხედვით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 2023 წელს 91,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2024 [საარჩევნო] წელს – 171,2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2025 [ასევე საარჩევნო] წელს კი – 129,1 მილიონი ლარია გაწერილი.
აქედან უშუალოდ ხელფასებისთვის კი დაიხარჯა: 2023 წელს – 19,7 მილიონი ლარი, 2024 წელს – 42,7 მილიონი ლარი, ხოლო 2025 წელს – 50,9 მილიონი ლარია გამოყოფილი. შესაბამისად, ბოლო სამ წელში, წლევანდელი წლის ჩათვლით, ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებით ხელფასებში [ცესკოსა და საარჩევნო კომისიების ჩათვლით] 113,3 მილიონი ლარი დაიხარჯა ქვეყნის ბიუჯეტიდან.
ხელფასები შემდეგი საქმიანობებისთვის არის გაცემული: საარჩევნო გარემოს განვითარება – 47,2 მილიონი ლარი; საარჩევნო ინსტიტუციის განვითარების და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა – 3,3 მილიონი ლარი; ხოლო უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები – 62,7 მილიონი ლარი.
სახელმწიფო ფულს ხარჯავს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიაც [უსკო]. აჭარის ბიუჯეტის კანონის მიხედვით უსკოს ხარჯებია:
2023 წელს – 1,5 მილიონი ლარი, 2024 წელს – 4 მილიონი ლარი [უმაღლესი საბჭოს არჩევნების წელი] და 2025 წელს – 1,6 მილიონი ლარი.
უსკოში ხელფასებისთვის კი აღნიშნულ წლებში ბიუჯეტიდან გამოიყო შესაბამისად: 928,5 ათასი ლარი, 3,2 მილიონი ლარი და 1,28 მილიონი ლარი.
2025 წლის 10 ოქტომბერს ცესკომ კიდევ ერთი დადგენილება მიიღო, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ყოველწლიური სერტიფიცირება გააუქმა.
აქამდე სერტიფიცირება ტარდებოდა წელიწადში ერთხელ მაინც. ახალი დადგენილებით კი, „არასაარჩევნო წელს, როგორც წესი, სერტიფიცირება არ ტარდება, ხოლო საერთო არჩევნების წელს სერტიფიცირება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. ჩატარების ვადები და ადგილი/ადგილები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.“
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოების ნაწილმა. ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ქვეყანაში 319-ე დღეა უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება.
2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიების უმრავლეობამ. არჩევნებს არ აკვირდებოდა არცერთი კომპეტენტური ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია. მოსახლეობის აქტივობის კუთხითაც 4 ოქტომბერს [ცესკოს მონაცემებით] ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში, „ოცნების“ ხელისუფლებამ კი პოლიტიკური ნიშნით რეპრესიები განაახლა. „4 ოქტომბრის საქმეზე“ პოლიციამ 11 ოქტომბრის მონაცემებით სულ 46 პირი დააკავა.