საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი მიიჩნევს, რომ სამომავლოდ მოქალაქეებს უფლება უნდა მიეცეთ, საპენსიო დანაზოგები კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში გადაიტანონ.

როგორც გოგა მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, ამ მიმართულებით ბაზრის გახსნა დადებითად აისახება კონკურენციაზე და თავის მხრივ, საპენსიო ფონდის მონაწილეებზე.

მისივე თქმით, მსგავსი შესაძლებლობის გაჩენა განსაკუთრებით მას შემდეგ იქნება კარგი, როდესაც საპენსიო დანაზოგების ზომა გარკვეულ ნიშნულს მიაღწევს.

„კარგი იქნებოდა, რომ გარე აქტივების მმართველებისთვის ბაზარი გახსნილიყო, ეს მეტ კონკურენციას მოიტანდა. თავიდანვე არამგონია, რომ გარე აქტივების მმართველები გამოჩენილიყვნენ, მაგრამ ზოგადად ეს სიგნალი მივიდოდა აღმოსავლეთ ან დასავლეთ ევროპაში, რეგიონში და ნელ-ნელა იქაურ აქტივების მმართველებს, შესაძლოა, დაეწყოთ აქაური ბაზრის განხილვა, რაც უფრო საინტერესო იქნებოდა. მეტი კონკურენცია ყოველთვის კარგია. დღეს ჩვენი საპენსიო აქტივების ზომა 5.7 მილიარდი ლარია, რაც საკმაოდ პატარა მოცულობაა დასავლური აქტივების მმართველებისთვის. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი საპენსიო აქტივების ზომა გარკვეულ ზომას გადაცდება, შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, რომ ბაზარი ნელ-ნელა გაიხსნას და რომ მონაწილეებმა გარე აქტივების მმართველ კომპანიებში შეძლონ თანხების გადატანა. მეტი კონკურენცია შეიქმნება ბაზარზე, რაც მონაწილეებისთვისაც კარგია და აქტივების ბაზარსაც გაააქტიურებს. კარგი იქნებოდა, რომ უფრო მეტად უცხოელი აქტივების მმართველები შემოვიდნენ, ვიდრე ქართულმა ბანკებმა წაიღონ ეს ბიზნესი. ბევრად მომგებიანი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომ უცხოელი აქტივების მმართველები შემოვიდნენ, ვიდრე ქართულმა ბანკებმა წაიღონ თავიანთ აქტივების მართვაში“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, საპენსიო ფონდის მონაწილეებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დანაზოგები გარე აქტივების მმართველ კომპანიებში გადაიტანონ. მაშინ, როდესაც ეს შესაძლებლობა აქამდე მოქმედი კანონმდებლობით 2025 წლის 1 იანვრიდან ჩნდებოდა.

bm.ge