საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ტირანაში ალბანეთის ბანკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ალბანეთის პრემიერ მინისტრმა ედი რამამ, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ და ალბანეთის ბანკის პრეზიდენტმა გენტ სეიკომ.
კონფერენციის სტუმრებმა გლობალური ეკონომიკის მიმდინარე გამოწვევებზე, ფინანსურ ფრაგმენტაციასა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ნათია თურნავა პანელურ დისკუსიაზე, სახელწოდებით „ნაკლები ვაჭრობისა და შემცირებული კაპიტალის სამყარო: გლობალური ეკონომიკის გარდაქმნა?” - მომხსენებლის რანგში წარსდგა და რეგიონული თანამშრომლობისა და ფინანსური კოოპერაცის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პანელური დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს გლობალური სავაჭრო და ფინანსური გარემოს ცვლილებებზე, მათ შორის გეოეკონომიკური ფრაგმენტაციისა და კაპიტალის ნაკადების გადამისამართების გავლენაზე განვითარებად ეკონომიკებში.
სებ-ის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფინანსური სისტემის გამკაცრების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და მოქნილი ეკონომიკური სტრატეგიების დანერგვას, რაც მცირე და საშუალო ეკონომიკების მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის განმტკიცების საფუძველია.
მისივე თქმით, ცვალებადი სავაჭრო გზებისა და მიწოდების ჯაჭვების რეორგანიზაციის ფონზე, საქართველომ და მისმა მეზობლებმა კავშირების გაღრმავება და ახალი პარტნიორობის დამყარება აირჩიეს.
„ისტორიულად, საქართველო ევროპისა და აზიის ეკონომიკებს შორის ხიდის როლს ასრულებდა. ბოლო წლებში ამ როლმა განახლებული მნიშვნელობა შეიძინა და ჩვენი პოლიტიკის მეშვეობით, ჩვენ მტკიცედ გადავწყვიტეთ მისი კიდევ უფრო გაძლიერება. როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ერთგულია ევროპული ინტეგრაციის წინსვლისა და ამავდროულად, აგრძელებს ევროპასა და აზიას შორის სასიცოცხლო დამაკავშირებელი რგოლის მისიის შესრულებას. შუა დერეფანი ჩვენი რეგიონული ტრანსფორმაციის განმსაზღვრელ ელემენტად იქცა. გლობალური მიწოდების ჯაჭვების გადამისამართების ფონზე, ამ დერეფანმა, რომელიც ევროპასა და აზიას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის გავლით აკავშირებს, სტრატეგიული იმპულსი შეიძინა. ეს ნათლად აისახება ჩვენს რეგიონში სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზეც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების გაფართოებასთან ერთად, ეფექტიან, უსაფრთხო და თავსებად ფინანსურ სერვისებზე მოთხოვნა სულ უფრო კრიტიკული ხდება. შესაბამისად, ცენტრალური ბანკირების როლი, არის არა მხოლოდ სტაბილურობის შენარჩუნება, არამედ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა და იმ ფინანსური ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირების უზრუნველყოფა, რომელიც ამ მზარდ სავაჭრო დინამიკას ემსახურება.
ალბანეთის ბანკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ალბანეთის ბანკისა და „ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტის“ (RBWC) მიერ იყო ორგანიზებული. საერთაშორისო კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთის, სლოვენიის, მალტისა და ლიეტუვის ცენტრალური ბანკების მმართველები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები მსოფლიოს ქვეყნებიდან.
ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს