ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეს ნიშნავს  საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართულია ინვესტიციების მიმართულებით და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

 

„ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება. ჩვენ წელსაც მოვახერხეთ ამ ტემპის შენარჩუნება. გასული ოთხი წლის განმავლობაში ზრდის საშუალო მაჩვენებელი იყო 9,8%, წელს პირველი ათი თვის მაჩვენებელი არის 7,6%.  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაც არის ამ ტენდენციის გამოხატულება. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება, იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს ნიშნავს  საგარეო პოლიტიკაში ჩვენი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარებას, ამიტომ, ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სწორედ ეკონომიკის განვითარებაზე. ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს განსაკუთრებული ძალისხმევა მიმართული და მომავალი წლიდან კიდევ უფრო მეტად გაიზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. მხოლოდ ერთი კომპანიის ხარჯზე ჩვენ ველოდებით 6,6 მლრდ დოლარის ინვესტიციის შემოსვლას. ტენდენცია არის კარგი, შევინარჩუნეთ ზრდის მაღალი ტემპი და მომდევნო წლებშიც ველოდებით ასეთივე მაღალი ტემპის შენარჩუნებას. სავალუტო ფონდის პროგნოზი არის ის, რომ 5,1% იქნება მომდევნო წლების განმავლობაში საშუალო ზრდა, თუმცა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როგორც წარსულში ვახერხებდით, ახლაც შევძლებთ ამ საპროგნოზო მაჩვენებლის გადაჭარბებით შესრულებას“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.