2025 წლის 8 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების პიკის საათებში მოძრაობაზე გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის 380%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, თუ გასული წლის იანვარ-აგვისტოში ამ დარღვევისთვის ბიუჯეტში მხოლოდ 419 601 ლარი შევიდა, წელს ჯარიმების მოცულობამ 2 009 053 ლარი შეადგინა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2 009 053-დან ბიუჯეტში 158 420 ლარი იანვარში შევიდა, 204 902 ლარი - თებერვალში, 307 710 ლარი - მარტში, 321 464 ლარი - აპრილში, 236 609 ლარი - მაისში, 302 043 ლარი ივნისში, 273 406 ლარი ივლისში, ხოლო 204 436 ლარი აგვისტოში.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს 2024 წელს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გარკვეულ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო, ბიუჯეტში ჯარიმების სახით, 1 153 574 ლარი შევიდა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, კერძოდ, M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.

თუმცა, რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე.

ამასთან, აკრძალვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.

რაც შეეხება ფულადი სანქციის მოცულობას, რეგულაციის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.

დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში, შემდეგ მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი